Napoli's football club CEO Aurelio De Laurentiis put a pin with the symbol of the club on the shirt collar of French coach Rudi Garcia, who has just...კვირას „მარადონაზე”, პირველი ტაიმის მერე „მილანი” „ნაპოლის” 2:0-ს უგებდა და თავს მახვილივით დაკიდებული მარცხის სიმძიმე რუდი გარსიას მძიმედ აწვებოდა. სწორედ ამ დროს ანუ შესვენებაზე, „აძურის” გასახდელში შევიდა (ზოგი წყაროს თანახმად შევარდა) პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ლამის ყველა სხვა საქმე გვერდით გადადო და გუნდს დასდევს: ცოტათი მწვრთნელი გახდა, ცოტათი ექიმი, დიდწილად მოტივატორი და სხვა პროფესიებიც შეითავსა. როგორც „კორიერე დელო სპორტი” წერს, ის ფეხბურთელებს თამაშის შემოტრიალებისა და „როსონერის” დამარცხების შემთხვევაში დამატებით პრემიებს დაპირდა. თუმცა, რომაული გაზეთის თანახმად დე ლაურენტისი მხოლოდ ფულის დაპირებით არ შემოიფარგლა. მან ფეხბურთელებს მკაცრად შეახსენა, რომ ისინი პროფესიონალები არიან და ეს მუდმივად უნდა დაამტკიცონ როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ერთი სიტყვით, პრეზიდენტმა გასახდელში შეკრებილი ხალხი გამოაფხიზლა, რასაც გარსიას მიერ ჩატარებული ცვლილებები დაემატა და მოედანზე დაბრუნებულმა „ნაპოლიმ” ჩამორჩენა გამოასწორა — 2:2. ასე გადაურჩა გუნდი ორმოცდაათი ათასი კაცის ობსტრუქციას, თუმცა „კორიერე დელო სპორტის” თქმისა არ იყოს, ვინ იცის იქნებ თავის 63-ე დაბადების დღეზე დიეგომ ზეციდანაც წააშველა ხელი.

აურელიო დე ლაურენტისი 12 ოქტომბრის შემდეგ გუნდთან არის. მას ფაქტობრივად ყოველ დღე ხედავენ ხან ვარჯიშებზე და ხანაც გასახდელში. ის, რაც „მილანთან” მოხდა მანამდე იყო „ფიორენტინასა” და „უნიონ ბერლინთან”, თუმცა, როგორც ზემოხსენებული გაზეთი ამბობს, კვირის ამბავი მაინც განსხვავდებოდა. ერთი, რომ პრეზიდენტმა გუნდი გამოაფხიზლა; მეორე ის, რომ მან გარსია გვერდით გაიხმო და ჰკითხა, რა ცვლილებებს აპირებდა და მესამე: გასახდელში ჩასვლით ვითარება დააშოშმინა, თორემ „მილანის” ორ გოლში ბრალდებული ამირ რაჰმანი და გარსია უკვე სერიოზულად ჩხუბობდნენ. ამ ინციდენტის შესახებ ორიოდ დღეში საყოველთაოდ გახდა ცნობილი.

„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ დე ლაურენტისისთვის გასახდელში შევარდნა ახალი ხილი არ არის. ისტორიას შემორჩა პრეზიდენტის ინციდენტი ედი რეიასთან. ეს ამბავი რემდენიმე წლის შემდეგ თავად რეიამ მოყვა. ვითარება ისე დაძაბულა, რომ ხელით შეხებას თურმე აღარაფერი აკლდა, მაგრამ შემდეგ კონფლიქტი ჩამცხრალა და თუ რეიას დაეჯერება, დღეს ისინი დიდი მეგობრები არიან. მეგობრობის მიუხედავად დე ლაურენტისმა რეია მალევე გაუშვა სამსახურიდან.

რეიას შემდეგ „ნაპოლის” სათავეში ჩაუდგა რობერტო დონადონი, რომელსაც პრეზიდენტი „სან სიროზე”, „ინტერთან” უხეირო შეხვედრის შესვენებისას შეუვარდა და მალე დონადონიც წავიდა — ვალტერ მაძარიმ შეცვალა.

თუმცა, დღეს სხვა ვითარებაა, რაც იმით არის განპირობებული, რომ „პარტენოპეელებს” მკერდზე მესამე სკუდეტო ახატიათ. ახლა ლუჩანო სპალეტის საოცარი სეზონის შემდგომი პერიოდია და მოთხოვნაც სხვაა. არადა, მას მერე, რაც „ატალანტამ” „ემპოლი” დაამარცხა, „ნაპოლი” კვლავ ჩამორჩა ჩემპიონთა ლიგის ზონას. მას ოთხი ქულით ნაკლები აქვს ვიდრე „მილანს”, ხუთით — ვიდრე „იუვეს”, შვიდით — ვიდრე „ინტერს”. ამიტომაც არ არის გასაკვირი, დე ლაურენტისმა გასახდელში სიარულს რომ მოუხშიროს.