გუშინ კასტელ ვოლტურნოში აურელიო დე ლაურენტისს, რუდი გარსიასა და „ნაპოლის” ფეხბურთელთა ჯგუფს შორის საუბარი გაიმართა. კლუბის მეპატრონეს სურდა ყველასთვის ეგრძნობინებინა თავისი გავლენა და დაადასტურა, რომ მომდევნო სამ თამაშში კვლავ ენდობა ფრანგ მწვრთნელს. ეს გახლავთ შეხვედრები „ვერონასთან”, „უნიონ ბერლინთან” და „მილანთან”. ADL-მ თქვა, რომ ამ სამ მატჩში სამ გამარჯვებას და ერთ მუშტად შეკრულ გუნდს ელოდება. აღსანიშნავია, რომ გარსია თავის წარმატებაში დარწმუნებულია.

საუბრის დეტალებზე ჟურნალისტმა ლუკა ჩერკიონემ ილაპარაკა: „დე ლაურენტისის, გარსიასა და ფეხბურთელთა ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ „ნაპოლიში” ატმოსფერო დაწყნარდა. როგორც ითქვა, მწვრთნელს ყველა მხარს უჭერს, თუმცა პრეზიდენტი როგორც ფეხბურთელებისგან, ასევე გარსიასგან მთელ რიგ საკითხებში ცვლილებებს ითხოვს. უხეში შეცდომები და არაპროპორციული რეაქციები ამიერიდან აღარ დაიშვება. დე ლაურენტისმა გუნდს ვერონაში ჩასვლა და იქ ჩემპიონის საკადრისი ფეხბურთის თამაში მოსთხოვა”.

საბოლოოდ, გამოიკვეთა, რომ პრეზიდენტს გარსიასა და მისი გუნდისგან სამი მოთხოვნა აქვს: 1) სამი გამარჯვება მომდევნო სამ შეხვედრაში; 2) აღარ დაუშვან უხეში შეცდომები; 3) ფეხბურთელებს ზღვარგადასულ რეაქციებს აღარ მოუთმენენ.