შაბათს, 7 ოქტომბერს საქართველოს ბორჯღალოსნები X მსოფლიო თასზე გამოსვლას დაასრულებენ. ნანტის „ბოჟუარზე“ ლევან მაისაშვილის გუნდი უორენ გეტლანდის უელსს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში გასვლა რახანია გაინაღდა და მიზნად ისღა დარჩა, ქართველებთან შეხვედრაში თუნდაც ქულა დააგროვოს, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს. ჯგუფში პირველობა ნიშნავს პლეი-ოფში არგენტინასა ან იაპონიაზე გასვლას, რაც ინგლისთან შეჯახებას ალბათ სჯობს.

თუმცა, ეჭვი  ნურავის შეეპარება იმაში, რომ „დრაკონები“ ნანტში ქულის ასაღებად კი არა, მოსაგებად გავლენ სათამაშოდ – მათ ხომ გველის ნაკბენივით ახსოვთ მშობლიურ კარდიფში, თან დიად „მილენიუმზე“ „ვიღაც“ ქართველებთან მარცხი. რევანში აქვთ ასაღები, ამას წყალი არ გაუვა.

და რა ხდება ბორჯღალოსნების თავს? დიდად სასიამოვნო არც არაფერი. ფიჯისთან ომის შედეგად ჩვენი რაზმის კიდევ 4 წევრი დაიმტვრა, თან ისე მაგრად, რომ სამმა მათგანმა უკვე ოპერაციაც კი გადაიტანა.

ლუკა ივანიშვილმა ტვინის შერყევა მიიღო და მას თამაში ამ ეტაპზე აეკრძალა. მირიან მოდებაძემ ყვრიმალისა და თვალის ბუდის მოტეხილობა მიიღო, ლაშა ჯაიანს ფეხი, კერძოდ კი წვივი ორ ადგილას გაუტყდა, თენგიზ ზამარაძეს კი იდაყვი ამოუვარდა და სახსრის ძვალიც გაუტყდა. სამივეს ქირიგიული ოპერაცია ბორდოს ცნობილ კლინიკაში გაუკეთდა და სამივეს – წარმატებით. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ჩვენს მაგარ ბიჭებს.

ბოლო სამის ნაცვლად ნაკრებს შეუერთდნენ ოთარ ლაშხი, მიხეილ ბაბუნაშვილი და ვანო კარკაძე. ეს უკანასკნელი გუნდთან ერთად ტურნირისთვის არ მომზადებულა, თუმცა თავის ახალ კლუბ „მონპელიეში“ დამკვიდრება უკვე მოასწრო და ერთი ლელოც კი გაიტანა. შესაბამისად, ვანო უელსთან მარქაფაში იქნება და მეორე ტაიმში შალვა მამუკაშვილს შეცვლის.

„შადრემ“ ტრავმა, საბედნიეროდ, მოიშუშა, ისევე, როგორც კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ. ორივე სასტარტოში იქნება.

სხვათა შორის, ნანტის მატჩის განაცხადში 15 კაცია იმ რაზმიდან, რომელმაც საარაკო კარდიფული გამარჯვება გამოჭედა. ასეა თუ ისე, ტრავმების არნახული რაოდენობის მიუხედავად და სატურნირო მიზნის არარსებობის პირობებში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ყველა ღონეს იხმარს კარის გასაჯახუნებლად. ბორჯღალოსნებს დასაკარგი აღარაფერი აქვთ, ფსიქოლოგიური წნეხი აღარ აწვებათ და ლაღ ბურთაობაში ხელს არაფერი შეუშლით. ეჭვგარეშეა, რომ ნანტში კარგი სეირი დაიდგმება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უელსთან მატჩში:

  1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ-92, 41 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 102, 70), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 39, 20), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 51, 5), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ბაიონი, 87, 15), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 22, 25), 7. ბექა საღინაძე (ლიონი,38, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 27, 25), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 81, 78), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 13, 80), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 26, 54), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი, 98, 85), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 51, 25), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 34, 150), 15. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 96, 53).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე, 7, 5), 17. ნიკა აბულაძე (ექსეტერი, 14, 0), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი, 1, 0), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 14, 5), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 33, 30), 21. გელა აფრასიძე (ბაიონი, 51, 35), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი,46, 343), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 31, 10).