No description available.… როცა „მარიფილდზე“ პირველი ტაიმი დასრულლდა, ედინბურგის ჰაერში უდიდესი სენსაციის სურნელი ტრიალებდა. გულს ბორჯღალოსანთა მორიგი ტრიუმფი სურდა, მაგრამ ცივი გონება გკარნახობდა, რომ შოტლანდიელები ასე მარტივად არ დათმობდნენ თამაშს. ასეც მოხდა – პირველი ტაიმის 0:6-ის მერე „ნარშავებმა“ კოსმოსური სიჩქარეები ჩართეს და რა სამწუხაროდაც უნდა ჟღერდეს, მაგრამ ქართული დაცვა წალეკეს. 33:6 – ასეთია შოტლანდიისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების ტესტ-მატჩის ანგარიში.

იმედგაცრუებაც ვერ გაგიჩნდება კაცს. ეს შოტლანდია არც შარშანდელი იტალიაა და არც შემოდგომაზე კარდიფშივე დამარცხებული უელსი. ესაა „ნარშავების“ ისტორიული შემადგენლობა, რომელიც ძლიერია როგორც არასდროს და რომელსაც მხოლოდ უმაღლესი მიზნები აქვს.

ჰოდა, პირველ ტაიმში ქართველებმა სწორედ ასეთ სუპერგუნდს გაუჩინეს დიდი თავსატეხი, პერმანენტულ წნეხში მოაქციეს და ოდნავ მეტად რომ გამართლებოდათ, ერთ-ორ ლელოსაც გამოკრავდნენ ხელს. საბოლოოდ ხელთ მხოლოდ მატკავას წყვილი ჯარიმა შერჩათ, მაგრამ საწყის 40 წუთში ბრჯღალოსნების მიერ ნაჩვენები რაგბის ხარისხი მართლაც საოცარი იყო. ძნელი დასაჯერებელი გახლდათ, რომ ეს ჩვენი ნაკრები ბურთაობდა ასე ლაღად, თავდაჯერებულად და არცერთ ზედმეტ მოძრაობას აკეთებდა. საკვირველი იყო, მაგრამ აწი უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ამ ფორმაციის ბორჯღალოსნებს მართლაც დიდი ნახტომი გაუკეთებიათ თავის განვითარებაში. ამიტომაც სულაც არ გადავაჭარბებთ, თუ ვუტყვით, რომ პირველი ტაიმი იყო საუკეთესო მონაკვეთი საქართველოს ნაკრების 34-წლიან ისტორიაში.

No description available.მეორე ტაიმში საათივით აწყობილი მექანიზმი მოიშალა. ტაიმის ბოლოს შალვა მამუკაშვილმა ტრავმა მიიღო და ადგილი თენგიზ ზამთარაძეს დაუთმო. სახის ტრავმა ლადო ჩაჩანიძესაც მიაყენეს და მის ნაცვლად ლაშა ჯაიანი გამოჩნდა. მანამდე დერეფნებში ბურთს „შადრე“ აგდებდა და ლადო იჭერდა და მათმა გასვლამ ძალიან ნეგატიური სამსახური გაგვიწია. ჩაჩანიძე მეორე ტაიმის დასაწყისში კი დაბრუნდა, მაგრამ ვაგლახ, რომ მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა 5 (!) თავისი დერეფანი წააგო. შესაძლოა მეტიც. ჰოდა, როცა სიმწრით მოპოვებულ ბურთს მეტოქეს უბრძოლველად აძლევ, თანაც როგორ მეტოქეს, სიკეთის მოლოდინი არ უნდა გქონდეს. მოკლედ, „ნარშავებმა“ ფრთები გაშალეს და 5 უპასუხო ლელო დაგვიდეს, ბორჯღალოსნებს კი მეორე ტაიმში საერთოდ არაფერი გამოუვიდათ.

იმედია, ცენტურიონად ქცეულ შალვა მამუკაშვილს სერიოზული არაფერი სჭირს და მწვრთნეებმა უბრალოდ რისკი აირიდეს თავიდან. ისე კი, ბიჭებს თავები კი დაუხეთქეს ხისტმა სქოთებმა – ჩაჩანიძეს, მოდებაძეს და კაპიტან შარიქაძეს სახვევების დადება დასჭირდათ. თუმცა, ეს არაფერი, მთავარია სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩნენ. ახლა ამის დრო არაა – 9 სექტემბერს პარიზის გარეუბან სენ-დენიში დიდებულ „სტად დე ფრანსზე“ საქართველო ავსტრალიას შეერკინება, იქამდე კი ატლანტის ოკეანისპირა სარაგბო ქალაქ ლა როშელში ბოლო შეკრებას გაივლის და პარიზსაც სწორედ იქიდან მიაშურებს.