Gabriel Veiga Naples„ნაპოლიმ” ესპანელი გაბრი ვეიგასთვის ბრძოლა წააგო — ასეთია ბოლო მთავარი ცნობა „აძურის” შესახებ. „სელტას” ფეხბურთელის შეძენა საუდის არაბეთის კლუბმა „ალ აჰლიმ” მოისურვა და, როგორც წერენ, ესპანური კლუბი დათანხმდა.

იტალიის ჩემპიონთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვეიგას შეძენას ცდა არ დააკლო. ერთიხანობა ყველას ეგონა, რომ საქმე გაჩარხულია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ვიგოელებმა მოლაპარაკებები შეწყვიტეს. დე ლაურენტისმა ყველა ღონე იხმარა, ესპანური მხარე კვლავ რომ ჩაება ვაჭრობაში, მაგრამ ვერ შეძლო. ანკი რას გახდებოდა თუკი საქმეში უკვე არაბული ფული იყო ჩარეული. მოლაპარაკებების შეწყვეტის ოფიციალური მიზეზი ფეხბურთელის იმიჯის გამოყენების უფლებები და საკომისიოების საკითხი გახლდათ.

„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ „ალ აჰლიმ” „სელტას” ფეხბურთელის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც 21 წლის ფეხბურთელისთვის ისეთი პაკეტი დააყოლა, რომ ესპანელი მოიხიბლა.

ვითარებას ის ართულებს, რომ „სელტას” მწვრთნელი რაფა ბენიტესი, როგორც ჩანს, ვეიგას მაინცდამაინც არ მოიაზრებს იმ მოთამაშეებს შორის, რომელთაც უნდაც დაეყრდნოს, კლუბს კი იმედი აქვს, რომ ნახევარმცველის გაყიდვით ფულს იშოვის და ამ ფულად ახალ მოთამაშეებს შეიძენს.

ხვალ, 25 აგვისტოს, „სელტა” „რეალს” მასპინძლობს და ბევრი რამ იქ გამოჩნდება. იტალიური პრესა წერს, რომ იმის მიხედვით ათამაშებს თუ არა ბენიტესი ვეიგას, მივხვდებით ფეხბურთელი გასაყიდად აქვთ „შეფუთული” თუ ენდობიან და მადრიდელებთან თამაშის ბედს ანდობენ.

„ნაპოლი” მაინც იმედოვნებს, რომ ბოლოწამს ვითარება მის სასარგებლოდ შეიცვლება.