ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში გამორჩეული ფიგურა იყო. ის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარა ახლა ახალი სეზონისთვის ემზადება და „გაძეტა დელო სპორტმა” მას ინტერვიუ ჩამოართვა:
გასული სეზონი — ყველასთვის დაუჯერებელი წელიწადი იყო. „ნაპოლისგან” 33 წლის შემდეგ სკუდეტოს არავინ ელოდა, მაგრამ კარგმა მომზადებამ და ყოველ შეხვედრაში თავდადებამ, თავისი შედეგი მოიტანა. ამიტომაც არ შეიძლება პიროვნულ დამსახურებებზე ლაპარაკი, როდესაც გუნდმა ასეთ შედეგს მიაღწია.
შეხვედრა, რომელშიც სკუდეტოს ბედი გადაწყდა — „იუვესთან” მატჩის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს ვიყავით და მას მერე ყველა შეხვედრა საზეიმო იყო. ჩემპიონობის არითმეტიკული გაფორმებაღა გვჭირდებოდა. წარმოუდგენელი დღეები გვქონდა. ესასრულო ემოციებში ვცხოვრობდით.
„იუვე”-„ნაპოლის” შემდეგ ქალაქში დაბრუნება — მწვრთნელი გვეუბნებოდა, რა დაგვხვდებოდა ნეაპოლში, მაგრამ ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა. ეს იყო შოკი. აეროპორტის შენობიდან მთელი საათი გამოვდიოდით. ამაღელვებელი და შთამბეჭდავი იყო ხალხში გზის გაკვლევა; იმის მოსმენა, თუ როგორც იძახან ჩვენს სახელებს. იქ უკვე მივხვდით, რომ სკუდეტოსგან მართლაც ერთ ნაბიჯში ვიყავით. ის საღამო არასდროს დაგვავიწყდება. მე დღესაც ვინახავ ცნობილ ქაღალდის ქუდს. თუ გნებავთ, მოგყიდით (იცინის).
ქალაქი — სამწუხაროდ ქალაქში სიარულს ხშირად ვერ ვახერხებ. ძნელია უპასუხო ხალხის ასეთ სიყვარულს. ჩამოსვლისთანავე ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ ქუჩებში მცნობდნენ, არადა ფაქტობრივად უცნობი ვიყავი. თუმცა, ოჯახთან ერთად პომპეიში ჩასვლა მაინც მოვახერხე. ნეაპოლში ყველაზე მეტად ორი რამ მიყვარს: ლანდშაფტი და მზის ჩასვლა. თუმცა, ამათ შესაძლოა მესამე დავამატო: პასტა პომიდვრის სოუსით. უგემრიელესია.
სპალეტი — მამობილი? დიახ. მე მას ამაგს ვერასდროს გადავუხდი. ეს ჩემი კარიერის გარდამტეხი მომენტი იყო. მან მომცა უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობა. ყოველთვის მხარს მიჭერდა, ურთულეს მომენტებშიც კი. როდესაც საუკეთესოდ ვერ ვთამაშობდი, ის გვერში მედგა და მამხნევებდა, მიცავდა, მირჩევდა, თუ როგორ უნდა გამერთმია თავი რთული პერიოდისთვის. მე რომ ისეთი ფეხბურთელი ვარ, როგორიც ვარ, მისი დამსახურებაა.
დე ლაურენტისი — მას ჩემი სწამს. მას ჩემი ჯერ კიდევ მაშინ სწამდა, როდესაც უცნობი ბიჭი გუნდში ამიყვანა. მას სჯეროდა, რომ სწორ ინვესტიციას აკეთებდა. მან გარისკა…
რუდი გარსია — როგორ შეუძლია მას ჩემი დახმარება? ჩემი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებით. ახლა ჩვენ ფეხბურთის მისეულ სტილს ვეცნობით, ყოველ დღე რაღაც ახალს ვიგებთ. მომწონს გარსია როგორც მწვრთნელი და როგორც ადამიანი. მჯერა, მორიგ გამარჯვებაში დაგვეხმარება.
შეძლებს „ნაპოლი” მიღწევის გამეორებას? — ერთი ფაქტია, რომ ჩვენ ყოველ შეხვედრას მოსაგებად ვთამაშობთ, დანარჩენი კი გამოჩნდება. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა წარმატების გამეორებას. ყველას პატივს ვცემთ, თუმცა გარშემო ბევრი ძლიერი გუნდია. ისე, ვფიქრობ ჩვენთან შეხვედრის წინ არც მეტოქეები გრძნობენ თავს მშვიდად.
ოსიმენი — ვიცოდი, რომ ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ ბიჭის თავმდაბლობამ გამაოცა: მასთან თავიდანვე ერთ ტალღაზე მოვიმართე და ჩვენი ურთიერთობა მოედანზეც კარგად ჩანს. რომც ვერ ვხედავდე, ვიცი სად არის, ვიცი როგორ გავუწიო პარტნიორობა, მის გადაადგილებებს თითქოს მუდმივად ვხედავ. ისიც იმავეს გრძნობს ჩემ მიმართ.
კვარადონა — რასაკვირველია, მეამაყება ასე რომ მეძახიან, მაგრამ მეორე მხრივ როდესაც მარადონას დონის ფეხბურთელს გადარებენ, დიდი პასუხისმგებლობაა. წარმოუდგენელია, რომ 33 წლის შემდეგ გამოჩნდა ახალი თაობა, რომელმაც მე მიმიჩნია სამაგალითოდ. თუმცა, განა მარტო ბავშვები, ჩვენ დიდ სიყვარულს უფროსებიც გვაგრძნობინებენ. და შენ გრძნობ, რომ მათ ბედნიერებაზე პასუხისმგებელი ხარ. ისინი ჩვენ მოტივაციას და ენერგიას გვმატებენ, ჩვენ კი ის მოედანზე გადაგვაქვს. ეს გამარჯვებისთვის აუცილებელი ძალაა. გულშემატკივრებს ერთხელაც არ უღალატიათ ჩვენთვის.
ფეხბურთის სტეფ კარი? — ისე ვერასდროს გავკადნიერდები, რომ თავი სტეფს შეავადარო. მაგრამ, შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს ვიღონებ ფეხბურთის ისტორიაში კვალი რომ დავტოვო.
შეცდომები — ადამიანი შეცდომებზე სწავლობ და მერე მათ გამოსწორებას ცდილობ. მე ამ ეპიზოდებმა დამანახა, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ თამაში გამოვასწოროთ. ჩემპიონთა ლიგაში მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ არა უშავს, მომავალ სეზონში ვცდით.
ლეაო — ძალიან მომწონს, რომ ის უბრალო ბიჭია, თავმდაბალი; მოედანზეც ჩემპიონია და მის გარეთაც. მე მას დიდ პატივს ვცემ. ლეაომ თავისი კეთილი ჟესტით გამახარა. ჩვენ მაისურები გავცვალეთ და მე მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვე, რადგან ის მართლა იმსახურებს ყველაფერ საუკეთესოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
