„ნაპოლიმ” კასტელ დი სანგროში „აუგსბურგს” ამირ რაჰმანის გოლით 1:0 მოუგო. „აძურის” აკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი (მაგალითად ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია, პიოტრ ჟელინსკი და ზამბო ანგისა), მაგრამ იტალიის ჩემპიონმა გერმანელებს კოსოველი მცველის თავური დარტყმით მაინც აჯობა. გოლი მეორე ტაიმში გავიდა.
შეხვედრას სწრაფი არ ეთქმოდა. პირველ ტაიმში „ნაპოლიმ” რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ბურთი კარში ვერ შეაგდო. შესვენებს მერე რაჰმანიმ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიუჩინა საჭირო ადგილი.
მწვრთნელმა რუდი გარსიამ ტაქტიკური ექსპერიმენტი ჩაატარა: სცადა როგორც 4-3-3, აგრეთვე 4-2-3-1. ფეხბურთელები მოედანზე ხშირად იცვლიდნენ ადგილებს.
შეხვედრას ესწრებოდა „ნაპოლის” ახალი შენაძენი ნატანი, რომელმაც დილით რომში სამედიცინო შემოწმება გაიარა.
მატჩის შემდეგ გარსიამ თქვა: „ასეთი თამაშები ექსპერიმენტებისთვის არსებობს. დღეს მოედანზე ნახევარზე მეტად ახალი გუნდი გვყავდა. ზოგიერთმა თავისთვის უცხო პოზიციაზე მოსინჯა ძალა, მაგალითად ლეო ოსტიგორი ნახევარდაცვაში მოქმედებდა. მინდორზე ნამდვილი ბრძოლა იყო. მეტოქე ხარისხიან, ათლეტურ ფეხბურთს თამაშობდა. ჩვენ მათ სტილს კარგი ფეხბურთი დავუპირისპირეთ. კმაყოფილი ვარ.
დაშავებულ ფეხბურთელებზე იმის თქმა შემიძლია, რომ მარიო რუი სამშაბათს ვარჯიშს დაუბრუნდება, ზამბო ანგისა კი „ფროზინონესთან” პირველი ტურის შეხვედრაში ითამაშებს.
ჩვენი ფეხბურთელების ტრავმებისგან ზოგი ნამდვილია, ზოგიც მარკეტინგული (ერთ-ერთი ნეაპოლური საიტის ვარაუდით აქ მან პიოტრ ჟელინსკი იგულისხმა). ზოგადად კმაყოფილი ვარ, საქმეები კარგად მიდის. „აპოლონთან” შეხვედრაში უკვე ვნახავთ გუნდს, რომელიც ახლოს იქნება იმასთან, რომელმაც ჩემპიონატში უნდა ითამაშოს.
ნატანი? ის გახლავთ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მაღალ დონეზე თამაშის არ ეშინია. ის ძლიერია, მაგრამ მოდი ვაცადოთ, გაზრდის დრო მივცეთ “.