
კრისტიანო ჯიუნტოლიმ „ნაპოლი” დატოვა. ტოსკანელი მენეჯერი აღარ არის აურელიო დე ლაურენტისის კლუბის თანამშრომელი. მან და „პარტენოპეელებმა” გაწყვიტეს ხელშეკრულება, რომელიც წესით 2024 წლის 30 ივნისამდე იყო ძალაში.
ჯიუნტოლიმ უარი თქვა პრემიაზე, რომელიც „ნაპოლის” მიერ სკუდეტოს მოგებისთვის ეკუთვნოდა. მას უნდა მიეღო წინა წლებში გამომუშავებული რამდენიმე ბონუსიც. ყველაფერი ერთად დაახლოებით 5 მილიონ ევროს შეადგენდა.
— „ნაპოლი” მადლობას უხდის კრისტიანო ჯიუნტოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან, აღმასრულებელ დირექტორ ანდრეა კიაველისა და მწვრთნელებთან რვაწლიანი თანამშრომლობისთვის, — ეწერა იტალიის ჩემპიონის ოფიციალურ განცხადებაში. ახლა, ჯიუნტოლის ხელ-ფეხი აქვს გახსნილი. მას შეუძლია ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმოს „იუვენტუსთან”, რომელსაც გუშინ ბოლო ვადა ჰქონდა დათქმული. ჯიუნტოლის „ნაპოლისთან” ხელშეკრულება რომ ვერ გაეწყიტა, მისი ტურინში გადასვლა სავარაუდოდ ერთი წლით გადაიდებოდა.
„აძურისთან” გამოსამშვიდობებელ განცხადებაში ჯიუნტოლიმ თქვა: „მინდა ვთქვა, რომ „ნაპოლიში” ყველა კმაყოფილი დარჩა. ჩვენ არაჩვეულებრივი წელი გვქონდა. საყოველთაო განცდა იყო — „ჩვენ” და არა „მე”. ეს დამოკიდებულება ძალებს გვმატებდა. გარდა ამისა, სატრანსფერო ბაზარზე ცოტა გაგვიმართლა კიდეც. გაამართლა ჩვენმა მიდგომამ, როდესაც აქცენტი როგორც ადრე, ამჯერადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთეთ”.