Vincenzo Italiano Manager of ACF Fiorentina gestures during the Coppa Italia Frecciarossa final match between ACF Fiorentina and FC Internazionale at...დადგა „ნაპოლიში” ლუჩანო სპალეტის მწვრთნელობის ბოლო დღე. მას კამპანიის დედაქალაქი დაიმახსოვრებს, როგორც ადამიანს, რომელმაც ოცდაცამეტ წლიანი ლოდინის შემდეგ ვეზუვის ძირში სკუდეტო დააბრუნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩაატარა დაუვიწყარი სეზონი, უკეთესს რომ ვერ ინატრებს კაცი, ახლა კი გამომშვიდობების დროა. სპალეტი მომავალ სეზონში „ნაპოლის” აღარ გაწვრთნის. ის კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე აურელიო დე ლაურენტისს საჯაროდ გადაეხვია, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ შორის გაუგებრობა არ არის. დღეს, „სამპდორიასთან” თამაშის შემდეგ დაჯილდოებაა, დაჯილდოებას კი ზეიმი მოჰყვება. მერე კი დე ლაურენტისი დაჩქარებით შეეცდება შეარჩიოს მემკვიდრე, რომელსაც ლურჯ სკამზე რთული მემკვიდრეობა ელის.

ჩახლართული გზა

სპალეტის შემცვლელის ძებნის საქმეში პრიორიტეტების განსაზღვრისას უპირველეს ყოვლისა ყურადღება საერთაშორისო პროფილზე გამახვილდა. ამ პროფილის კანდიდატი სამია და მათ ნეაპოლიდან უკვე დაუკავშირდნენ. ერთი მათგანი გახლავთ ლუის ენრიკე, მაგრამ მას როგორც ჩანს „აძურის” გარდა სხვა ვარიანტებიც აქვს. მისი გადაბირება რთული საქმეა, მაგრამ გამორიცხული ჯერ მაინც არ არის.

სხვანაირი ვითარებაა „პორტუს” მწვრთნელ სერჟიო კონსეისაუსთან დაკავშირებით. მას „მარადონაზე” გადასვლა შეიძლება უნდოდეს კიდეც, მაგრამ პორტუგალიური კლუბი მისი საკონტრაქტო ვალდებულებებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ვითარებას ართულებს.

წრეს კრავს გერმანელი იულიან ნაგელსმანი. ის „ბაიერნმა” სამსახურიდან გაუშვა, მაგრამ კონტრაქტის თანახმად 2026 წლამდე ისევ ბავარიელების თანამშრომელია. დე ლაურენტისმა ნაგელსმანს დაურეკა და სამსახური შესთავაზა. ახლა გადაწყვეტილების მიღება მასზე და მიუნხენელებზეა.

ელაპარაკებიან იტალიანოს

იტალიაში საძიებო არეალი ორ კაცამდეა შემცირებული, ესენი არიან ტიაგო მოტა და ვინჩენცო იტალიანო. როგორც ბოლო ხანს გაირკვა, პირველის ნეაპოლში გადაბარგების ვარიანტი ფაქტობრივად არ არსებობს. ის ეტყობა „ბოლონიაში” დარჩება. რაც შეეხება „ფიორენტინას” თავკაცს, მან ჯერ კიდევ „სპეციაში” მუშაობის დროიდან იცის, რომ დე ლაურენტისს მისი მუშაობის სტილი მოსწონს, მაგრამ დღეს იტალიანოსგან პასუხს ცხადია არავინ ელის, რადგან „იებს” კონფერენციის ლიგის ფინალი აქვთ სათამაშო — 7 ივნისს, პრაღაში, „ვესტ ჰემთან”. მათ მწვრთნელს ხელ-ფეხი მხოლოდ 8 ივნისიდან გაეხსნება. დე ლაურენტისს „ფიორენტინას” ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს და არ არის გამორიცხული, რომ ფლორენციელი კოლეგები იტალიანოს გაშვებაზე დაითანხმოს.