იტალიის ჩემპიონის „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Financial Times-ს მისცა ინტერვიუ. კინოპროდიუსერმა და ფეხბურთის კლუბის მეპატრონემ თქვა:

„როდესაც წამყვანი ფეხბურთელები გავყიდე, მეკითხებოდნენ, რა მქონდა მიზნად დასახული. ამ კითხვაზე ვპასუხობდი, რომ ჩემი მიზანი სკუდეტოს მოგება იყო. ეს პასუხი ყურს ისე ჭრიდა, გეგონება ვიგინებოდი. მაგრამ, გავიმარჯვეთ. წარმატებას კი იმიტომ მივაღწიეთ, რომ ფეხბურთში იმის დანერგვა დავიწყე, რაც წლების განმავლობაში კინოში ვისწავლე. დიახ, ჩემი ამოცანა იყო გამარჯვება, ოღონდ ისე, რომ ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა შემენარჩუნებინა.

როდესაც „ნაპოლი” ვიყიდე, ეს ჩემთვის სრულიად ახალი სამყარო იყო, მაგრამ მინდოდა კინო და სპორტი შემეზავებინა, რათა შემექმნა პროდუქტი, რომელიც ადრე ტელევიზიაში იყიდებოდა, ახლა ამას პლატფორმებს ეძახიან.

რატომ გავყიდე წამყვანი ფეხბურთელები? მომეჩვენა, რომ ისინი დაიქანცნენ. მათი ლტოლვა გამარჯვებისკენ ამოიწურა. შესაძლოა შევცდი, მაგრამ მეპატრონე ვარ და გადაწყვეტილებებსაც მე ვიღებ.

დღევანდელმა გუნდმა კი წარმატებას მიაღწია და ეს იმიტომ მოხდა, რომ ერთსულოვანი ჯგუფი მყავს და არა ერთი-ორი ვარსკვლავი.

იტალიური ფეხბურთი? ის პროგრესს არ განიცდის, რადგან გადაწყვეტილებებს სწრაფად არ იღებენ. მაგალითად, რა იცის საინვესტიციო ფონდმა ფეხბურთის შესახებ? პრობლემა ის არის, რომ ფეხბურთი ორი სამყაროსგან შედგება: სპორტისგან და ინდუსტრიისგან. თუ თქვენ მოედანზე ვერ იგებთ, გულშემატკივრისთვის სულერთია რამდენად კარგი ბალანსი გაქვთ. ხალხს ურჩევნია, თქვენ იზარალოთ, მაგრამ თამაში მოიგოთ”.