3 ლელო და პრო 2დ

Home დავთარი 3 ლელო და პრო 2დ
3 ლელო და პრო 2დ

No description available.საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო დივიზიონ პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატი ფინიშის სწორზე გავიდა – მის დასრულებამდე 3 ტურიღა დარჩა და სეზონის ამ მონაკვეთზე ქართველთა აქტიურობამაც მოიმატა.

27-ე ტურში 20-მა ჩვენებურმა იასპარეზა, რაც ბოლო პერიოდის საუკეთესო მაჩვენებელია. მაგრამ 3 ქართული ლელო ერთ ტურში ბოლოს როდის დაიდო, ამის გახსენება უფრო რთულია.

„ორიაკმა“ ლიგაში დარჩენა პრაქტიკულად გაინაღდა, ვეღარც პლეი-ოფისკენ იწევს და ეს გუნდს, დაეტყო, ფსიქოლოგიური წნეხი მოეხსნა. აბა, უპირობო ლიდერ „ოიონაქსს“ დამარცხებას სხვაგვარად შეუძლებელია. საბოლოოდ – 27:25 და ორიაკელთა ორი ლელო ქართველების ანგარიშზეა. ჯერ იყო და, მე-10 წუთზე მასპინძლებმა შერკინებაში იყოჩაღეს, 8 ნომერმა ბურთი აიტაცა და აყოლილ 9-იანს, ანუ მიშიკო ალანიას დროულად გადააწოდა, ბორჯღალოსანმა კი ლელო დაუბრკოლებლად დადო.

ეს იყო ალანიას მეორე ლელო მიმდინარე სეზონში სულ კი მის ანგარიშზე 3 ლელოა პრო დ2-ში გამართულ 25 შეხვედრაში.

26-ე წუთზე კი თავი გარემარბმა გიორგი გოგოლაძემ ისახელა – მასპინძლებმა მარჯვენა ფრთაზე უსწრაფესი კონტრშეტევა წამოიწყეს და ბოლოს ბურთი ზედ კიდეზე სიჩქარეაკრეფილ გოგოლაძეს გადაეცა, რომელმაც ფეხით წინ გაიგდო. ბურთი ლელოში შევარდა, სადაც დამცველის ცხვირწინ უცნაურად ახტა და გოგოლაძეს პირდაპირ ხელებში ჩაუხტა! დამიწებას წინ აღარაფერი ედგა და ქართველმა უკანახაზელმა ტრავმის შემდეგ დაბრუნება უეფექტურესი ლელოთი აღნიშნა. ეს ლელო გიორგისთვის მე-2 იყო მიმდინარე სეზონში, ხოლო პრო დ2-ში მის ანგარიშზე 3 ლელოა 40 ჩატარებულ მატჩში.

No description available.მესამე ქართული ლელო კი „მონტობანისა“ და „რუანის“ შეხვედრაში დაფიქსირდა. მასპინძლებმა ბონუსით – 38:19 მოიგეს და მათი მეორე ლელო ჭეშმარიტად ქართული გამოვიდა. მონტობანელებმა დერეფანი მოიგეს, მაგარი მოლი შეკრეს და მეტოქე წალეკეს. ბურთი ლელოში კი ან მირიან ბურდულმა დადო, ან ოთარ გიორგაძემ. საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის ოფიციალურ საიტზე ლელოს ავტორად მირიანია მითითებული, სხვა წყაროებში – ოთია. თან მატჩის კომენტატორი გიორგაძეს ულოცავს, არადა თანაგუნდელები მირიანს უტყაპუნებდნენ მხრებზე… თუმცა, დიდი მნიშვნელობა არც აქვს – მთავარია, ორივე ჩვენებური განსაცდელში მყოფ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. „მონტობანი“ გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდა.

გაირკვა, რომ „მასი“ გარანტირებულად დაქვეითდება და არცთუ დიდი ხნის წინ ნაკრების გაფართოებულ რაზმში მოხვედრილ უჩა ჭეიშვილს ან ნასიონალ ლიგაში ჩასვლა, ან კლუბის გამოცვლა მოუწევს. ყველა დანარჩენი კითხვა კი ჯერაც პასუხგაუცემელია, თუ არ ჩავთვლით „ოიონაქსის“ მიერ დაბევებულ პირველობას.

 

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.