იტალიური „ილ მატინო” გვამცნობს, რომ შუქ-ჩრდილიანი საღამოს მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანკფურტში მაინც დაამყარა რეკორდი, ამჯერად ევროპული: ქართველი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ხუთზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა. მან ორჯერ თავად გაიტანა, ხოლო ოთხჯერ საგოლე პასი შეასრულა. მოგეხსენებათ, „აინტრახტთან” შეხვედრაში კვარამ ჯოვანი დი ლორენცოს ქუსლით ისეთი პასი მიაწოდა, რომელსაც „ილ მატინომ” ბრილიანტი შეარქვა.
ამავე შეხვედრაში ხვიჩას მონაგრის გაუმჯობესებაც შეეძლო, მაგრამ პირველ ტაიმში 32 წლის გერმანელმა მეკარემ კევინ ტრაპმა პენალტი აუღო.

