ბორჯღალოსნები საფრანგეთში, ინგლისსა და ირლანდიაში

Home დავთარი ბორჯღალოსნები საფრანგეთში, ინგლისსა და ირლანდიაში
ბორჯღალოსნები საფრანგეთში, ინგლისსა და ირლანდიაში

No description available.ტოპ 14-ში პირველი წრე დასრულდა. საფრანგეთისა და ევროპის უძლიერეს ლიგაში რეგულარული სეზონის პირველი ნახევრის შედეგებით უპირობო ლიდერი „ტულუზი“ გახლავთ, რომლის შემადგენლობაში ქართველები საერთოდ არ არიან. აი, მისი უახლოესი მდევარი კი ბევრისთვის მოულოდნელად, „სტად ფრანსეა“, რომლის განაცხადშიც 4 ჩვენებურია და მათ შორის ერთ-ერთმა გასულ ტურში შემდგარ დედაქალაქურ დერბიში მიიო მონაწილეობა.

გიორგი მელიქიძე „სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ზუსტად ერთი საათი ითამაშა. 51 წუთი მის პირისპირ სხვა ბორჯღალოსანი – გურამ გოგიჩაშვილი იდგა, რომლის „რასინგ-92“-მა ხსენებულ დერბიში მოულოდნელად გამანადგურებელი მარცხი იწვნია – 10:48. ცხრილის მესამე საფეხურზეც სწორედ გურამის კლუბი დარჩა.

მე-4 ადგილზე „მონპელიე“ ავიდა, რომელმაც „პერპინიანს“ ბონუსით აჯობა – 38:10. მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში ბოლო 17 წუთი დისკვალიფიკაცია მოხდილმა გელა აფრასიძემ ჩაატარა.

No description available.მეხუთეა „ლა როშელი“, რომელმაც ქართველების გარეშე ვერაფერი მოუხერხა სტუმარ „ბორდოს“, რომლის სასარტოშიც ლექსო ყაულაშვილმა 51 წუთი ითამაშა, შემდეგ კი 73-ეზე ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა და მინდორზეც ბოლომდე დარჩა. 8:12 და ევროპის საკლუბო ჩემპიონი სანუგეშო ბონუსის ამარა დარჩა.

საპლეიოფო ექვსეული კი, ყველასთვის მოულოდნელად, „ბაიონმა“ შეკრა. წრის ბოლო ტურში შემდგარ ბასკურ დერბიში კოტე მიქაუტაძის გუნდი „პოს“ გასვლით მატჩში დაუზავდა – 22:22. ქართველმა მეორეხაზელმა შეხვედრის ბოლო 13 წუთი ითამაშა, „პოს“ კაპიტანმა ბექა გორგაძემ კი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო გურამ პაპიძემ პირველიდან 47-ე წუთამდე ითამაშა.

პირველი წრის აუტსაიდერი „ბრივი“ გახლავთ, რომელმაც სეზონში თავისი ოდენ მესამე გამარჯვება სწორედ ბოლო ტურში, ახალი მწვრთნელის ხელში იზეიმა. ბრიველებმა საკუთარ მოედანზე „კლერმონს“ ბოლო წამებზე გამოგლიჯეს გამარჯვება, 20:16 მოიგეს და „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ მხოლოდ ბონუსი გაატანეს. მასპინძელთა შორის ვასილ ლობჟანიძემ პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო სტუმართა სასტარტოში დუდუ ქუბრიაშვილი იყო, ვინც 51-ეზე შეცვალეს.

No description available.„ტულონმა“ „ლიონს“ 21:13 მოუგო. მასპინძელთა შორის ბექა გიგაშვილმა საწყისი 51 წუთი ითამაშა, ხოლო დამარცხებულ გუნდში სრული 80 წუთი მინდორზე ბექა საღინაძემ დაჰყო.

ინგლისის ჩემპიონატში „გლოსტერმა“ ლესტერში 13:28 წააგო და მის შემადგენლობაში ჯერ კიდევ პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი კვესელაძე გამოჩნდა. გლოსტერელები მე-5 ადგილზე იმყოფებიან და საპლეიოფო ოთხეულს მინიმუმით ჩამორჩებიან.

იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპის უპირობო ლიდერი კი ირლანდიური „ლენსტერია“, რომელმაც 10-ვე ჩატარებული მატჩი მოიგო, მათ შორის 7 – ბონუსით, და ამ 47 ქულით უახლოეს მდევარ „სთორმერზს“ 8 ქულით უსწრებს. გასულ ტურში ლენსტერელებმა ირლანდიურ დერბიში „მანსტერს“ სტუმრად 20:19 მოუგეს და ამ შეხვედრაში მონაწილეობა ბორჯღალოსანმა ვახტანგ ახობაძემაც მიიღო. ქართველი ბურჯი შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.