ამერიკელებთან ინგლისელთა მოსაწყენი 0:0-ის ყურება იოლი საქმე არ იყო, მაგრამ ადამიანი იმედს ებღაუჭება. ასე არიან ინგლისელებიც. მათი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანთან ლაღად მოგებული 6:2-ის შემდეგ აშშ-ს ნაკრებს შეხვდა და… ჯგუფიდან გასვლა ვერ გაინაღდა.
გრეგ ბერჰალტერის გუნდი კარგად ორგანიზებული აღმოჩნდა და უკეთესი მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იყო თამაში, სადაც ინგლისელ ფეხბურთელთა ცოლები და მეგობარი გოგონები მოწყენილობისგან ამთქნარებდნენ, რასაც „სანში” ცალკე სტატიაც კი მიეძღვნა. ტელემაყურებელმა კი ვეტერანი ფეხბურთელისა და სატელევიზიო ექსპერტის როი კინის გარეგნობას უფრო მეტი ყურადღება მიაქცია, ვიდრე იმას რაც მოედანზე ხდებოდა.
მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ადამიანი იმედით ცოცხლობს. ინგლისელმა სტატისტიკოსებმა დავთრებს ჩახედეს და აღმოაჩინეს, რომ დიდ ტურნირებზე 0:0 მათი ნაკრებისთვის სიკეთის მომასწავებელი ანგარიშია.
მოგეხსენებათ, ინგლისი ერთხელ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, შინ, 1966 წელს. სწორედ იმ შეჯიბრებაში ითამაშა „სამი ლომის” ნაკრებმა 0:0. ეს მოხდა პირველ მატჩში ურუგვაისთან. შემდეგ ალფ რემზის (მაშინდელ საბჭოთა პრესაში რამსეიდ მოიხსენიებდნენ) გუნდმა 2:0 აჯობა მექსიკასა და საფრანგეთს, 1:0 სძლია არგენტინას, 2:1 პორტუგალიას, ხოლო ფინალში, დამატებით დროში, 4:2 დაამარცხა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა.
ინგლისელებმა 0:0 ითამაშეს ევროპის ბოლო ჩემპიონატშიც, სადაც მეორე ადგილზე გავიდნენ. ეს მოხდა შოტლანდიასთან, ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, რომელიც გუშინდელი მატჩივით მოსაწყენი იყო. ამის მიუხედავად, ინგლისმა გზა ბოლომდე განვლო და ფინალში იტალიასთან პენალტებით დამარცხდა.
ყატარი 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე გარეთ საუთგეიტის გუნდს ერთი შეხვედრა დარჩა, 29 ნოემბერს უელსთან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
