ხვიჩა კვარაცხელიამ „სასუოლოსთან” ორი საგოლე პასი შეასრულა და ერთი თავად გაიტანა. „ნაპოლიმ” 4:0 გაიმარჯვა, რის შედეგადაც 12 ტურიდან 32 ქულით პირველ ადგილზეა. და როგორია ხვიჩას პირადი მონაგარი? Opta Italia წერს, რომ იმ ფეხბურთელთა შორის, ვინც იტალიის ჩემპიონატს 2004-05 წლების სეზონის შემდეგ შეუერთდა ანუ მას მერე, რაც გუნდების რაოდენობა ისევ 20 გახდა, 12 შეხვედრაში ქართველზე უკეთესი შედეგი მხოლოდ არგენტინელ დიეგო მილიტოს და მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესოს, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდათ. კერძოდ, კვარაცხელიამ 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გადააწოდა ანუ გოლს პლუს პასის ჯამი 11 აქვს. მილიტოს ჰქონდა 15, ხოლო რონალდუს — 13. სულ კი ხვიჩამ ლურჯი მაისურით უკვე 8 გაიტანა, 8 საგოლე პასი ჩააწოდა და 3 პენალტი მოინადირა.
რაც შეეხება გუნდს, „სასუოლოსთან” გამარჯვება მისთვის სერია A-ში ზედიზედ მე-8 გახლდათ. თუ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებებსაც დავამატებთ, მიჯრით მოპოვებული წარმატებების რაოდენობა 13 გამოდის.
სპალეტის გუნდი შეტევაში მრისხანეა: 17 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა — საშუალოდ, ერთ მატჩში 3 გამოდის.
სერია A-ში, „ლეჩესთან” 1:1-ის შემდეგ „აძურიმ” ყველა თამაში მოიგო და დღეს 36 შესაძლებლიდან 32 ქულა აქვს. პარტენოპეელებმა ორი ფრე ითამაშეს, ფლორენციაში „ფიორენტინასთან” და შინ, ზემოთ ნახსენებ „ლეჩესთან”.
„ნაპოლი კალჩომ” მოიძია ევროპაში ვის აქვს კიდევ „ნაპოლის” მაგვარი შთამბეჭდავი სტარტი. აღმოჩნდა, რომ საბერძნეთში „პანათინაიკოსს” 10 თამაშიდან 10 მოუგია, ხოლო ნორვეგიაში, სადაც ჩემპიონატი დიდი ხნის დაწყებულია და შედარება ძნელია, „მიოლდემ” ივლისის შემდეგ ზედიზედ 14 ტურში გაიმარჯვა. რაც შეეხება მარცხს, ელიტესერიენის ლიდერს ასეთი სიმწარე მაისის მერე არ უგემია — გუნდს 69 ქულა აქვს და მდევარ „ბოდო გლიმტს” 15 ქულით უსწრებს.
ბელგიის პირველობაზე ზედიზედ 8 თამაში მოიგო „გენკმა” ანუ მას „ნაპოლის” მსგავსი შედეგი აქვს, ოღონდ ბელგიელებს უკვე 15 ტური აქვთ ჩატარებული. სერბეთში ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდას” მოუგია ზედიზედ 7.