კვირას სერია A-ს მე-10 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” „ბოლონიას” მასპინძლობს. „ნაპოლი” მოგეხსენებათ პირველ ადგილზეა, „ბოლონია” კი მეჩვიდმეტეზე. ქვემოთ გთავაზობთ მატჩის წინა სტატისტიკას.
- „ნაპოლიმ” „ბოლონიას” სერია A-ს ბოლო ოთხი თამაში მოუგო. წინა სამ შეხვედრაში კი ორჯერ „ბოლონიამ” გაიმარჯვა და ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.
- ნეაპოლში გამართული ბოლო 9 შეხვედრიდან 7 მოიგო „ნაპოლიმ”, ხოლო „ბოლონიამ” — 2. ფრედ მეტოქეებმა ბოლოს 2012 წლის 16 იანვარს ითამაშეს (1:1). იმ დღეს ნეაპოლელთაგან ედინსონ კავანიმ გაიტანა პენალტი. ცხადია, ლაპარაკია სერია A-ს მატჩებზე.
- 2022 წელს (ლაპარაკია კალენდარულ წელზე), „ნაპოლიზე” (63) მეტი ქულა მხოლოდ „მილანმა” (64) მოაგროვა. რაც შეეხება გატანილ გოლებს, აქ მილანელებს კამპანიელები სჯობნიან — 61 (საშ. 2,18)
- სერია A-ს ბოლო 13 შეხვედრიდან „ნაპოლიმ” მოიგო 11, ორი კი ფრედ ითამაშა. გუნდმა გაიტანა 35 გოლი. შესაბამისად, 13 შეხვედრაში, 39 შესაძლებლიდან „აძურიმ” ყველა იტალიურ კლუბზე მეტი ქულა მოაგროვა.
- „ბოლონიას” კი პირველ 9 ტურში ასე ცოტა ქულა 2015-16 წლების სეზონის შემდეგ არ დაუგროვებია — მაშინ ჰქონდა 6, ახლა აქვს 7. მიმდინარე სეზონში გუნდმა 9 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო. ასეთი რამ მას 2013-14 წლების სეზონის შემდეგ აღარ მოსვლია.
- „ბოლონიას” მწვრთნელს ტიაგო მოტას ნეაპოლში თავისი ორი შეხვედრა არ წაუგია: მან „მარადონაზე” 2019 წლის ნოემბერში „ჯენოა” ჩაიყვანა და 0:0 ითამაშა, 2021 წლის დეკემბერში კი იქვე „სპეციას” თავკაცის რანგში 1:0 გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ ამ მწვრთნელს კარიერაში სულ 4 თამაში ჰქონდა, როდესაც მისმა გუნდებმა გოლი არ გაუშვეს და ორჯერ ეს სწორედ ნეაპოლში მოხდა.
- წინა ტურში „კრემონეზეს” წინააღმდეგ „ნაპოლიმ” ორი გოლი საჯარიმოს გარედან ჩაწოდების შედეგად გაიტანა. ამ თვალსაზრისით „ნაპოლი” სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერია (7), თუმცა ისტორიულად გარედან ჩაწოდებული ბურთების (კუთხურების ჩათვლით) გატანით დიდად ვერ დაიკვეხნის (144) — მეცამეტე პოზიცია უჭირავს.
- „ბოლონიამ” მიმდინარე სეზონში 11 ქულა დაკარგა იმ შეხვედრებში, რომლებშიც დაწინაურდა. ეს იმის ბრალია, რომ მოტას გუნდი მეორე ტაიმში უშვებს გოლებს. ამ მხრივ მას „ინტერი” და „ვერონა” ჰგვანან.
- „ნაპოლის” მცველები კი სახიფათო მომენტების შექმნით გამოირჩევიან. კომბინაციიდან ყველაზე მეტი ხელსაყრელი გაგრძელება ჯოვანი დი ლორენცომ (14) მოიფიქრა, კომბინაციიდან და სტანდარტულებიდან ერთად კი მარიო რუიმ (20), რომელსაც მხოლოდ „ფიორენტინას” მცველი კრისტიანო ბირაგი (30) უსწრებს.