ლოჩოშვილის პირველი ქულა

Home კატეგორიის გარეშე ლოჩოშვილის პირველი ქულა
ლოჩოშვილის პირველი ქულა

Cremo, with Sassuolo comes the first pointლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა: 0:0 ასე დასრულდა კრემონელთა საშინაო შეხვედრა „სასუოლოსთან”. საინტერესოა, რომ ეს იყო ამ ორი გუნდის პირველი დაპირისპირება იტალიური ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში.

თამაში დაძაბული გამოვიდა. მშვიდ მონაკვეთებს სახიფათო მომენტები ენაცვლებოდა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში გოლიც გაიტანეს, მაგრამ VAR-მა საკმაოდ უგვანო ჩანაწერით აღმოაჩინა, რომ გოლის ავტორი სირილ დესერსი თამაშგარე მდგომარეობაში ყოფილა.

საკუთრივ ლუკამ შეხვედრას კარგად გაართვა თავი. ის პოზიციურ თამაშსა და ორთაბრძოლებში ყოჩაღია; არც ბურთის გათამაშება თუ წინ პასი დაეწუნება; თავდაჯერებულობაც მოსაწონი აქვს. ყველაზე მატად ალბათ სწრაფი გარღვევის დევნისას სჭირდება თანაგუნდელების დახმარება. ქართველი სამკაციანი უკანა ხაზის მარცხენა მხარეს იდგა და მართალია თავის ჯერაც მოუშუშებელი ტრავმა კვლავ აწუხებდა, სასაყვედურო არაფერი გაუკეთებია.

მატჩის შემდეგ „კრემონეზეს” მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ თქვა: „მე თუ მკითხავთ გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა კვლავ დავინახე, რომ ბურთის ფლობაში პრობლემა გვაქვს. ეს ხარვეზი პირველი ტურიდან შესამჩნევია. შეტევებს „ვერტიკალურად” (მეტოქის კარისკენ უმოკლესი მიმართულებით) ვერ ვავითარებდით. მეორე მხრივ „სასუოლოსთან” ქულის მოპოვება იოლი საქმე არ არის. ეს ფრე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო”.

ფრემ „კრემონეზე” მე-19 ადგილზე დატოვა, „მონცას” ერთი ქულით უსწრებს. შემეგ ტურში, მომდევნო კვირა დღეს, კრემონელთა მეტოქეა „ატალანტა”. გუნდები ბერგამოში შეხვდებიან ერთმანეთს.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.