ბორის ჯონსონმა მიმოწერა დამალა

Home სიახლეები ბორის ჯონსონმა მიმოწერა დამალა
ბორის ჯონსონმა მიმოწერა დამალა
Saudi Crown Prince Mohammed bin Salman personally contacted Johnson in June 2020
მოჰამედ ბინ სალმანი

„დეილი  მეილი” წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის ოფისმა რედაქცია „ნიუკასლ იუნაიტედის” საეჭვო გაყიდვასთან დაკავშირებულ საბუთებთან არ მიუშვა. შარშან, პრემიერლიგის კლუბი საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდმა 305 მილიონ გირვანქად შეიძინა.

პრემიერ მინისტრის ოფისმა აღიარა, რომ „ნიუკასლის” გაყიდვასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის საკითხებში თავის საგანგებო მრჩეველთან, კენ კოსტასთან ჰქონდა კონსულტაციები, მაგრამ მასთან მიმოწერის გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. „დეილი მეილმა” ოფისს შეახსენა, რომ კანონით მოთხოვნილ ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომა უნდა ჰქონდეს, რაზეც „დაუნინგ სტრიტის” 10 ნომრიდან უპასუხეს, რომ ამ საბუთების გასაჯაროება შუა აღმოსავლეთში დიდი ბრიტანეთის როლს ძირს გამოუთხრის. ფაქტობრივად, ჩვენს წინაშეა საჯარო ინტერესი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.

„თუ გვინდა შევინარჩუნოთ გავლენა ამ რეგიონში, ორმხრივ ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ”, — ეწერა ბორის ჯონსონის ოფისის ოფიციალურ პასუხში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგა „ნიუკასლ იუნაიტედის” გაყიდვის ნებართვას თვეების განმავლობაში არ იძლეოდა, 2021 წლის ოქტომბერში კი უკან დაიხია და თანხმობა განაცხადა. ეს მას მერე მოხდა, რაც გაირკვა, რომ საუდეთის ტახტის მემკვიდრეს მოჰამედ ბინ სალმანს მეპატრონეთა და დირექტორთა ტესტის გავლა არ დასჭირდებოდა. მოჰამედ ბინ სალმანს აშშ-ს სპეცსამსახურები ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში სდებენ ბრალს.

ცნობილია, რომ 2020 წლის ივნისში საუდეთის ტახტის მემკვიდრე პირადად დაუკავშირდა ბორის ჯონსონს და გააფრთხილა, რომ თუ ხსენებული გარიგება არ შედგებოდა, საუდის არაბეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა გაფუჭდებოდა. ბინ სალმანი გახლავთ იმ ფონდის თავმჯდომარე, რომელიც დღეს „ნიუკასლ იუნაიტედის” 80 პროცენტს ფლობს.

„ჩვენ ველით, რომ პრემიერლიგა თავის პოზიციას გადახედავს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, — უთხრა მაშინ ბინ სალმანმა ჯონსონს.

„დეილი მეილი” ეჭვობს, რომ პრემიერის ოფისსა და კენ კოსტას შორის მიმოწერაში არის ისეთი  წინადადებები, რომელთა განსაჯაროებამ შეიძლება დიდი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვიოს.

თავის მხრივ, პრემიერლიგა აცხადებს, რომ მის გადაწყვეტილებაზე ბორის ჯონსონს არ უმოქმედია.