„ლივერპული“ ცეცხლს ეთამაშა, მაგრამ მაინც გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
„წითლები“ შინ 2:0 მოგების მერე, ვილიარეალში 0:2-ს აგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში კლასი აჩვენეს და მოკლე მონაკვეთში 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ 3:2 მოიგეს. „ლივერპული“ კლოპის ხელში 7 სეზონიდან მე-3 ფინალს ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში.
გერმანელი სპეციალისტი საოცარ შედეგებს აღწევს… მარტო ის რად ღირს, რომ ამ სეზონში 4 ტიტულის მოპოვების შანსი აქვს. ერთი უკვე მოიგო და სამი დარჩა: ინგლისის თასი (ფინალში „ჩელსი“ ელის), ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში კი კლოპს და მის ბიჭებს მეხუთე ტიტულის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებაც შეეძლებათ.
და რაც შეეხება ვილიარეალში მოგებას:
„რა ვუთხარი ბიჭებს შესვენებისას? რომ მეტი ცარიელი ზონა მოენახათ, უფრო აქტიურები ყოფილიყვნენ მეტოქის ნახევარზე. დიოგო ჟოტა იყო პრობლემა? არანაირად. პირველ ტაიმში 11 პრობლემა იყო.
…რა საოცარი სტადიონია აქ და ემერი როგორ წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებს! „ვილიარეალი“ კარგად თამაშობდა, მაგრამ მოგება დავიმსახურეთ.
…ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ კიდევ ერთხელ მინდოდა მენახა სტატიები ჩვენს ხასიათზე. თავს ისე ვგრძნობთ, თითქოს სეზონში 500 მატჩი ჩავატარეთ. წარმოუდგენელი გრაფიკია და ეს მოგება კიდევ უფრო გრანდიოზულად ჩანს“.