გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ წააგო „ოსასუნასთან” 1:2. გაშვებულ გოლებში ქართველი მეკარის ბრალი არ არის და ესპანური მედიაც მისი თამაშის შეფასებისას ან მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ პირველ ეპიზოდში გიორგიმ პენალტი კინაღამ აიღო (ბურთს მიწვდა, მაგრამ არგენტინელი ჩიმი ავილას დარტყმული იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერ მოიგერია) ან უბრალოდ ჩუმად არის, რადგან ამ შეხვედრაში საყურადღებო სხვა რამ უფრო იყო — თუნდაც „ღამურების” ცუდი თამაში.
ქვემოთ „ვალენსიას” კარში გასულ გოლებს გთავაზობთ. შეგიძლიათ თავად შეაფასოთ მამარდაშვილის თამაში ამ ეპიზოდებში. აქვე შეგახსენებთ, რომ „ჩეებს” სამშაბათს სტუმრად „ვილიარეალთან” უწევთ შეხვედრა, შაბათს კი სამეფო თასის ფინალია „ბეტისის” წინააღმდეგ.
მატჩის შემდეგ ვალენსიელების მწვრთნელს ხოსე ბორდალასს ჰკითხეს, ხომ არ ერჩივნა კვირის შუაში „ვილიარეალთან” თამაში რომ გადაედოთ. მან უპასუხა:
„დიახ, გვერჩივნა. ამ მატჩის კვირის შუაში ჩატარებას არანაირი აზრი არ აქვს, მაგრამ ახლა ამაზე წუწუნს არ ვაპირებ. სათამაშოდ უნდა გავიდეთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ”.
შემდეგ ბორდალასმა „ვალენსიას” კარში დანიშნულ პენალტზე და „ოსასუნასთან” მატჩის მსაჯობაზე ილაპარაკა:
„წარმოუდგენელ რაღაცებს ვხედავთ. სხვა შეხვედრებში მსაჯებს ამაზე გაცილებით აშკარა ხელით თამაშზე არაერთხელ დაუხუჭავთ თვალი. ფეხბურთელებს სულ ერთსა და იმავეს ვუმეორებ, იყონ მაქსიმალურად ფრთხილად. არ ვაპირებ იმაზე ლაპარაკს იყო თუ არა სამართლიანი რაც მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ კრიტერიუმები ჩამოყალიბებული არ არის. ტექნოლოგიებისაც თითქოს ყველას გვეიმედება, მაგრამ როდესაც ისე ზარალდები, როგორც დღეს ჩვენ დავზარალდით, ეს უკვე სახალისო აღარ არის. ყველაზე მეტად კი ის არ მომეწონა, ბრაიან ხილის წაქცევისთვის რომ არ დანიშნეს თერთმეტმეტრიანი. ის მეტისმეტად აშკარა იყო. ეტყობა, VAR-ი „ვალენსიას” სასარგებლოდ არ მუშაობს.
არც ლუკას ტოროს ამოუღეს მეორე ყვითელი ბარათი. არადა, დღეს „ოსასუნა” 25-ჯერ დაჯარიმდა, ჩვენ კი მხოლოდ ცხრაჯერ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
