ბერგამოს „ატალანტას“ ასეთი სერია ბოლო წლებში არ ჰქონია…
გუნდი ცნობილია იმით, რომ ბევრი გოლი გააქვს, შარშანწინდელ სეზონში სულაც 98 გოლამდე ავიდა სერია A-ში, აი, ბოლო პერიოდში კი…
ამ სიტუაციას ჩვეულებრივი მიზეზი აქვს: შემტევებიდან ზოგი ტრავმირებულია, ზოგს – კორონავირუსი შეჰყრია…
ბერგამოელებს ყოველ შეხვედრაში მინიმუმ 7-8 კაცი აკლიათ, უმრავლესობა კი შეტევის ხაზიდან. მოკლედ, მეზარბაზნეები არ ჰყავთ.
ამას დაემატა სლოვენიელი იოსიპ ილიჩიჩის ფსიქოლოგიური ამბები. წელიწადნახევრის წინ ჰქონდა ოჯახური პრობლემები, შემდეგ ისევ ათამაშდა და მაგრამ ისევ დაეწყო.
მწვრთნელმა ჯანპიერო გასპერინიმ ამ თემაზე მედიასთან ისაუბრა:
„ჩემთვის რთულია ამაზე საუბარი, რადგან პირადულია. რაც ვიცით, ილიჩიჩთან ახლოს ვიქნებით. მას დიდი ხანია ვიცნობთ და აბსოლუტურად ნორმალური ადამიანია, ძალიან პოზიტიური, ბევრი ბედნიერი მომენტი გვაკავშირებს, მაგრამ მეორე მხრივ… არათუ ჩვენ, ფსიქიატრებსაც კი უჭირთ გაგება, თუ რა ხდება მის თავს“.
ილიჩიჩმა ამ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.