ათი კაცით დარჩენილმა „არსენალმა“ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც წააგო სტუმრად ჩასულ „მანჩესტერ სიტისთან“ — 1:2. თამაშის ბედი როდრის მიერ 90+3 წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.
„მეთოფეებს“ „ქალაქელებთან“ ამ სეზონში არ უმართლებთ. აგვისტოში, პირველი წრის შეხვედრაში, „ეტიჰედზე“ გვარდიოლას გუნდმა 5:0 მოუგო, რამაც მათ ცხადია მწარე გემო დაუტოვა; 1 იანვარს კი მსაჯის წამატებულ წუთებში გაშვებული გოლით დამარცხდნენ, რაც არანაკლებ მტკივნეული გამოდგა.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში ჩინებულად ითამაშეს, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში რამდენიმე წუთიანმა სიგიჟემ ყველაფერი ყირაზე დააყენა. გრანიტ ჯაკამ, რომელიც აგვისტოს შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს, თავის საჯარიმო მოედანში წესი დაარღვია. დაინიშნა პენალტი, რომლითაც რიად მაჰრეზმა ბუკაიო საკას მიერ შესვენებამდე გატანილი გოლი გაქვითა. ბრაზილიელმა მცველმა გაბრიელმა კი ხსენებული პენალტის წინ და შემდეგ ორი ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედანი დატოვა.
თამაში რომ მთავრდებოდა „არსენალის“ ფანებმა დაიწყეს სიმღერა 2:1 მსაჯის სასარგებლოდო, მაგრამ დადგა 90+3 წუთი და როდრიმ მათ ახლო მანძილიდან გაუტეხა გულები. ბედის ირონია იყო ისიც, რომ ეს გახლდათ მთელს მატჩში „მანჩესტერ სიტის“ მხოლოდ და მხოლოდ მეორე დარტყმა კარში.
და კიდევ, პირველ ტაიმში VAR-მა „სიტის“ კარში პენალტი ვერ დაინახა.
და მაინც, ინგლისური პრსა წერს, რომ თუკი „არსენალმა“ მარცხი ვინმეს უნდა დააბრალოს, უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს.
ჩრდილო ლონდონელთა მწვრთნელი მიკელ არტეტა თამაშს შინიდან უყურებდა. მას ბოლო ორ წელიწადში მეორედ შეეყარა Covid 19.