Covid 19-ის მიერ დარბეულ „ტოტენჰემ ჰოთსფურს“ ორი თამაში გადაუდეს და ახლა კოშმარული კალენდარი ელის. ჩრდილოლონდონელთა მწვრთნელს ანტონიო კონტეს სერიოზული მუშაობა მოუწევს გუნდს ეს პერიოდი კარგად რომ გაატარებინოს.

ხუთშაბათ საღამოს „დეზებს“ კონფერენციათა ლიგის მატჩი გადაუდეს ფრანგულ „რენთან“. ამას პრემიერლიგაში „ბრაიტონთან“ საკვირაო შეხვედრის გაუქმებაც მოჰყვა.

მაგრამ, ბედი „ტოტენჰემს“ როგორც ჩანს დასცინის. გეგონება მიზეზად კორონა არ ეყოფოდა, კონტეს გუნდმა 28 ნოემბერს ვერც „ბარნლისთან“ ითამაშა — დიდთოვლობა იყო.

და რა მოხდება მომდევნო ხუთშაბათს? ჩატარდება „სფურზისა“ და „ლესტერის“ მატჩი? ესეც არავინ იცის. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გამოჯანმრთელდებიან ლონდონელი ფეხბურთელები.

ამრიგად, ჯერჯერობით დაგროვებულია სამი გადადებული მატჩი.

უეფას წეს-კანონით მისი ეგიდით გასამართი შეხვედრები 31 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ „დეზებმა“ „რენთან“ სათამაშოდ სამ კვირაში უნდა მოიცალონ.

ნურც ის დაგვავვიწყდება, რომ გადადებული თამაშების გარდა არსებობს მოქმედი კალენდარი, რომლის მიხედვითაც დღეიდან ახალ წლამდე „ტოტენჰემს“ ხუთ ტურში უწევს მონაწილეობა. კონტეს ამალა უნდა შეხვდეს უკვე ნახსენებ „ლესტერს“, „ლივერპულს“, „ვესტ ჰემს“ (კარაბაოს თასზე), „კრისტალ პალასსა“ და „საუთჰემპტონს“.

1 იანვარს კი „ტოტენჰემს“ უკვე 2022 წლის პირველი მატჩი უწევს კლაუდიო რანიერის „უოტფორდთან“.

French Football News წერს, რომ „ტოტენჰემი“ „რენთან“ სათამაშოდ ერთადერთ ვარიანტად 15 დეკემბერს მოიაზრებს, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, მეორე დღეს კიდევ „ლესტერთან“ უწევს თამაში და მაშინ პრემიერლიგამ ეს შეხვედრა უნდა გადადოს.

თან რჩება შთაბეჭდილება, რომ „რენს“ არავინ ეკითხება. არადა, ფრანგული კლუბი გაბრაზებულია შეხვედრა რომ გადადეს და 15 დეკემბერს თამაშზე უარს ამბობს.

საქმეს მაინც ისეთი პირი უჩანს, რომ „ტოტენჰემის“ გასაჭირს „რენის“ სიბრაზეზე მეტად გაითვალისწინებენ და „ლესტერთან“ შეხვედრას გრაფიკში 3 იანვარს ან იმის შემდგომ კვირაში ჩასვამენ. ეს იმაზეა დამოკიდებული, რას იზამს „სფურზი“ კარაბაოს თასზე.

თუ „ტოტენჰემი“ „ვესტ ჰემთან“ წააგებს, მაშინ 10-16 იანვრის კვირაში შეიძლება მოხერხდეს რამე.

„ბრაიტონის“ თამაში კი ყველას დაავიწყდა — არავინ არაფერს ამბობს.