ესპანელმა ვარსკვლავმა სესკ ფაბრეგასმა გაიხსენა „ჩელსიში“ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელებს უთხრა, თუ რას უნდა ელოდნენ იტალიელი მწვრთნელისგან.

მოგეხსენებათ, ამ თვეში კონტე ინგლისში დაბრუნდა, სადაც „სფურზი“ ჩაიბარა. ჩრდილო ლონდონელებს პორტუგალიელი თავკაცი ნუნუ ესპირიტო სანტო არ გამოადგათ და თანამდებობიდან მოხსნეს.

ფაბრეგასი 34 წლისაა, „მონაკოში“ კარიერას ასრულებს. მისი აღწერით, კონტე არის ხელმძღვანელი, რომელსაც ყველაფრის სრული კონტროლი უყვარს. იტალიელი მზად არის თავის ფეხბურთელებს ნებისმიერი წვრილმანი აუხსნას და ერთი წამით არ მოერიდება, რომ ამ წვრილმანებს ვარსკვლავებს უხსნის.

CBS Sport-ზე ფაბრეგასს ინტერვიუ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ლუის გარსიამ ჩამოართვა. სწორედ იქ თქვა „არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა ვარსკვლავმა, რომ კონტე მოთამაშეებთან ურთიერთობაში სკოლის მასწავლებელს ჰგავს.

„ვფიქრობ, ჩემს კარიერაში ანტონიო იყო პირველი მწვრთნელი, რომელმაც ასე ზუსტად იცოდა რა უნდოდა. მის ვარჯიშებზე სიარული სკოლაში სიარულს ჰგავდა. მინდა „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები დავარწმუნო, რომ ის მათ მეკარიდან დაწყებული საგოლე დარტყმით დასრულებული, დეტალურად აუხსნის ყველაფერს — ვინ ვის საით უნდა გადააწოდოს ბურთი, ვინ საით უნდა გაიქცეს და სხვა.

ვფიქრობ, ეს ფეხბურთის ჩემგან განსხვავებული ხედვაა.  სწორად გამიგეთ, დასაწყისში ასეთ დამოკიდებულებასთან შეგუება მიჭირდა. ის გვთხოვდა ძალიან ბევრ სირბილს, მეტისმეტად ინტენსიურ თამაშს. გვიტარებდა ხანგრძლივ და ხანმოკლე ვარჯიშებს, გვამუშავებდა დარბაზში.

მე პეპ გვარდიოლას გუნდშიც მითამაშია. გვარდიოლას ბურთის ფლობა უყვარს, მაგრამ ამის შიგნით თავისუფლებას განიჭებს. კონტესთან კი თავისუფლება არ არსებობს. ის მასწავლიდა საით უნდა გადამეწოდებინა ბურთი.

იმხანად 29 წლის ვიყავი და ზურგს 13-წლიანი გამოცდილება მიმაგრებდა. ნათამაშები მქონდა ყველა საკლუბო და სანაკრებო შეჯიბრების ფინალი, მოგებული მქონდა უამრავი ტიტული, ეს კაცი კი იდგა და მასწავლიდა ბურთი ვისთვის უნდა გადამეწოდებინა“.