დიახ, პატარა ბორჯღალოსნებს კონტინენტზე აგერ უკვე 2018 წლის შემდეგ აღარ ჰყავთ კონკურენტი. 3 წლის წინ 18-წლამდელ ქართველთა ნაკრებმა ფრანგი თანატოლები დაამარცხა და მას მერე ამ ასაკობრივ ტურნირზე წაუგებლად თამაშობს.
კალინინგრადის ჩემპიონატი შარშან უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემია სარაგბო საქმეებშიც ჩაერია და ტურნირი ერთი წლით გადაავადა. ამ უქმობამ უარყოფითად მხოლოდ ჩვენზე იმოქმედა – ნორჩმა ქართველებმა მორიგი ტიტულისთვის ვერ იბრძოლეს. მაგრამ გამარჯვების წყურვილმა ახლა ამოხეთქა – 17-18 წლის ბიჭებმა, ფაქტობრივად თინეიჯერებმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავისი ჰეგემონია.
ტურნირის ფორმატის წყალობით, საჩემპიონოდ სამი მატჩის მოგება კმარა და ზურა ამონაშვილის რაზმმა სამივე თამაში ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, სამივე, ცხადია, მოიგო, თანაც ჯამში ჩეხეთს, ბელგიასა და პორტუგალიას 140 ქულა გაუტანა და საპასუხოდ ერთადერთი ჯარიმა მიიღო. საპატიო 3 ქულა ქართველ „მონსტრებთან“ მხოლოდ ბელგიელებმა მიითვალეს!
ფინალში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიას 27:0 მოუგო და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტული. მერე რა, რომ ქართველთა მზარდი ოსტატობით დამფრთხალმა ბობოლებმა ერთი მეორეს მიყოლებით დატოვეს ეს ტურნირი?! ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი და იტალია ამ ასაკში ქართველებს კონკურენციას თანდათან ვეღარ უწევდნენ და იმის მომიზეზებით, რომ „ვიღაც ქართველებთან წაგებით ჩვენი ბავშვები გამარჯვებულის მენტალიტეტს სულ უფრო და უფრო სცილდებიან“, გუდა-ნაბადი აიყარეს და ტიერ 2-ის ერებთან შეგვატოვეს…
ჩვენი ოქროს ბიჭების ამ გამარჯვებამ დიდი სიხარული მოგვიტანა საქართველოსთვის ამ მძიმე ჟამს, რისთვისაც მათ გულწრფელი მადლობა ეკუთვნით…