„კოპა ამერიკის“ მორიგი გათამაშება, რომელიც არგენტინაში უნდა ჩატარებულიყო, სხვა ქვეყანაში გაიმართება. წერია კონმებოლის (სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია) „ტვიტერის“ ოფიციალურ ვგვერდზე.
მოკლე შეტყობინება გვამცნობს, რომ „არგენტინას მასპინძლობის უფლება არსებული მიზეზების გამო ჩამოერთვა“.
მიზეზები არ სახელდება, თუმცა მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ეს ამბავი კორონაპანდემიასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ახლახან არგენტინაში ინფექციის ახალმა ტალღამ იფეთქა.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა 2020 არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.
ორი კვირის წინათ მასპინძლობის უფლება კოლუმბიას ჩამოართვეს. მიზეზი აშშ-ის სახლმწიფო დეპარტამენტის ცნობა გახდა, იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში არეული პოლიტიკური სიტუაციაა და არც პანდემიის მხრივ არის კარგად მდგომარეობა, ამიტომ ტურისტების იქ ჩასვლა არც თუ უსაფრთხოაო.
წესით, კოპა ამერიკა 13 ივნისს უნდა დაიწყოს, მაგრამ სად, ღმერთმა იცის…