112-წლიანი ისტორიის მანძილზე „ინტერნაციონალე“, საფეხბურთო სამყაროში ყველასთვის მილანის „ინტერად“ ნაცნობი კლუბი, სახელსა და ლოგოს იცვლის.
იტალიური მედიის ცნობით, Football Club Internazionale Milano შეიცვლება და Inter Milano გახდება. კლუბის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ქალაქის სახელისა და კლუბის ურთიერთობა ასე უფრო ნათელი და ახლო იქნება.
„ინტერი“ მალე სპონსორსაც შეიცვლის. აქამდე გუნდს ერთობ პოპულარული Pirelli ასპონსორებდა და ლამის ისტორიულად იქცა. თუმცა, რებრედინგის შემდეგ ახალი პარტნიორიც გამოჩნდება, რომელიც კლუბს წელიწადში 30 მილიონ ევროს გადაუხდის. მომავალი სპონსორის ვინაობა ჯერ არ ხმაურდება… „ინტერში“ კიდევ იქნება სიახლეებიო, წერს იტალიური მედია.
შეგახსენებთ, რომ 1899 წელს შეიქმნა კრიკეტისსა და ფეხბურთის კლუბი „მილანი“. ხელმძღვანელობაშიც გადაწყვიტეს, რომ კლუბში მხოლოდ იტალიელები უნდა თამაშობდნენ, თუმც რამდენიმე წევრი ამ აზრზს არ ეთანხმებოდა და გუნდი გაიყო. ერთ მხარეს დარჩა „მილანი“, ხოლო 1908 წლის 9 მარტს შეიქმნა „ინტერი“.
ამასობაში, მილანში „დერბი იტალია“ შედგა და „ინტერმა“ ვიდალისა და ბარელას გოლებით „იუვენტუსს“ 2:0 მოუგო და ცხრილის სათავეში მყოფ „მილანს“ წამოეწია, თანაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ანტონიო კონტეს გუნდი საჩემპიონოდ კარგ შანსს ინარჩუნებს და ვინ იცის, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეგებ სერია A მოიგოს კიდეც.