დავიდ ალაბას „ბაიერნთან” კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება და სხვადასხვა კლუბთან მოლაპარაკებისთვის ხელ-ფეხი ხსნილი აქვს. „მარკას” ინფორმაციით, 28 წლის ავსტრიელს ყველაზე კარგი ურთიერთობა „რეალის” წარმომადგენლებთან აქვს და მათ შორის შეთანხმებას ბევრიც არაფერი უკლია.
რატომ მიდის ალაბა „რეკორდმაისტერიდან”? ხელფასზე ვერ მოილარაკეს. როგორც ამბობენ, ფეხბურთელი კვირაში 200 000 ევროს ითხოვდა.
კარლ-ჰაინც რუმენიგემ, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, „ბაიერნის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, თქვა: „ჩვენ ალაბასთან ბევრჯერ ვილაპარაკეთ და მისგან პასუხს ოქტომბრამდე ველოდით. ალაბამ დუმილი ამჯობინა, ამიტომ, მოლაპარაკებებს ალბათ აღარ გავაგრძელებთ. ჩვენ მას მკაფიოდ ვუთხარით, რამდენად გვიღირდა. ის არ დაგვთანხმდა”.
ამის შემდეგ, „რეალმა” გადაწყვიტა ალაბას გადაბირებაზე დაეწყო მუშაობა და, როგორც ჩანს, მოლაპარაკებებში წარმატებასაც მიაღწია. სხვა კლუბებთან შედარებით „რეალის” უპირატესობა ის არის, რომ კორონაპანდემიამ ბევრს ეკონომიკურად დაარტყა, მადრიდელებს კი მეტ-ნაკლებად უკეთესი მდგომარეობა აქვთ.
„მარკას” ინფორმაციით, მადრიდელებმა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს წელიწადში 10 მილიონი ევრო და ოთხწლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს.
ცნობილია, რომ თავად ალაბაც ყოველთვის მოწადინებული იყო, ოდესმე „ლოს ბლანკოსში” რომ ეთამაშა.
მადრიდელთა მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს ალაბას დამატება ხელ-ფეხს გაუხსნის. ავსტრიელს შეუძლია თამაში როგორც მარცხენა მცველად, ასევე ცენტრში.
„ტრანსფერმარკეტის” მიხედვით, დავიდ ალაბას ფასი 65 მილიონი ევროა. მას „ბაიერნის” შემადგენლობაში 404 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ამ შეხვედრებში ავსტრიელმა 39 გოლი თავად გაიტანა, ხოლო 49 გოლის გატანაში მონაწილეობა მიიღო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
