„ტოტენჰემი” „ვესტ ჰემს” 3:0-ს უგებდა მაგრამ… 3:3 ითამაშა. „სფურზის” გაბრაზებულმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თავის ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურ სისუსტეში დასდო ბრალი, თუმცა რისი მოურინიუ იქნებოდა იქვე მეტოქეც რომ არ გაეკენწლა — „ვესტ ჰემს” რასაკვირველია გაუმართლაო, თქვა მან. უცნაურია, რომ პორტუგალიელმა ისიც დასძინა — გაუმართლა, მაგრამ იმსახურებდაო.
გარეთ ბეილისთვის ეს გახლდათ ახალგაზრდობის კლუბში დაბრუნების დღე, რომელიც ჩაუმწარდა.
როდესაც ჰკითხეს, რამ გამოიწვია „ცივი შხაპი”, მოურინიუმ უპასუხა: „ფეხბურთმა. რასაკვირველია, მარტო რომ დავრჩები, დღევანდელ მეორე ტაიმს გავაანალიზებ და დასკვნებსაც გამოვიტან, მაგრამ თქვენს გასაგონად მირჩევნია ვთქვა, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და იქვე „ვესტ ჰემის” უტეხი ხასიათი შევაქო.
ნამდვილად არ არის იოლი, რწმენა შეინარჩუნო, როდესაც 0:3-ს აგებ და მეტოქე დომინირებს.
ვიცი, რომ „ვესტ ჰემი” შარშანდელზე უკეთესი გუნდია, მაგრამ როდესაც დაწინაურებული მხარე სამგოლიან უპირატესობას ქარს ატანს, ეს სასჯელია, რომელსაც, როგორც წესით, იმსახურებს.
თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ჰარი კეინს მეოთხე უნდა შეეგდო, მან კი ძელს გაარტყა ბურთი. გარეთ ბეილსაც უნდა მოეკლა თამაში. ერთი სიტყვით, მეოთხე გოლისთვის ყველაფერი მომწიფებული იყო, მაგრამ… რა გაეწყობა. ასეთია ფეხბურთი”.