ნიკოლოზ ბასილაშვილი აშკარად არ არის სათანადო სათამაშო ფორმაში. პანდემიის შემდეგ განახლებულ ტურნირებზე საქართველოს პირველმა ჩოგანმა ზედიზედ მეხუთე ტურნირზე ერთი სეტიც კი ვერ მოიგო.
ბასილაშვილმა დღეს ჰამბურგში წააგო – იქ, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ტურნირის გამარჯვებული ხდებოდა და ლამის საკუთრად მიაჩნდა. ჩვენებური ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტისთან ორ სეტში – 4:6, 3:6 დამარცხდა.
პირველ სეტში ბასილაშვილმა 1:2-ზე საკუთარი მოწოდება წააგო, მართალია, 2:4-ზე დაიბრუნა, მაგრამ გადამწყვეტ გეიმში ისევ ესპანელს დაუთმო.
მეორე სეტი კი მოწოდების ართმევით დაიწყო, მაგრამ ზედიზედ ორჯერ საკუთარი წააგო და მატჩის ბედიც იქ გადაწყდა – ესპანელმა საქმე მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.