30 წლის ნიგერიელმა ნახევარმცველმა, ჯონ ობი მიკელმა რომელიც ახლა უკვე ჩინეთის კლუბ “ტიანჯინ ტედაში” თამაშობს, გაიხსენა, როგორ ჩაატარა ლონდონის “ჩელსის” მეპატრონემ, რომან აბრამოვიჩმა, ფაქტობრივად სამხედრო ოპერაცია მის “სტემფორდ ბრიჯზე” გადასაყვანად.

ეს მაშინ მოხდა, როდესაც ნიგერიელის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ებრძოდნენ. ბრძოლამ მთელ წელიწადს გასტანა და ბოლოს, ის-ის იყო ფეხბურთელს მანჩესტერელებთან კონტრაქტისთვის ხელი უნდა მოეწერა, რომ… ის “ჩელსიში” აღმოჩნდა.

მაშინ, საქმეში პრემიერლიგის თავმჯდომარე, სერ დეივ რიჩარდსიც კი ჩაერია. მიკელი იგონებს: “სერ დეივ რიჩარდსმა დახმარება შემომთავაზა. მან მითხრა, რომ ჩემ გამო ინგლისის ორი დიდი კლუბი ერთმანეთს შეიძლებოდა მტრად მოკიდებოდა. მე მივუგე, რომ “ჩელსიში” მინდოდა თამაში. ეს რომ მოისმინა, დეივ რიჩარდსი დამპირდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა.

ამას მოჰყვა საიდუმლო სტუმრობა ჟოზე მოურინიუს სახლში. არ დამავიწყდება, როგორ გამომიგზავნა რომან აბრამოვიჩმა ექვსი მანქანა. ნამდვილ ჯაშუშურ ოპერაციას ჰგავდა. თავიდან ერთ მანქანაში ჩამსვეს. შემდეგ, გარკვეული მანძილი რომ გავიარეთ, მძღოლები ერთმანეთს დაუკავშირდნენ და მანქანა რომელშიც მე ვიჯექი გაჩერდა. სწრაფად გადამსვეს მეორე მანქანაში და ახლა, ახალი მარშრუტით გამაქანეს.

როდესაც ჟოზესთან მივედით, მან მითხრა: პრეზიდენტს აშკარად სჭირდები. ამიერიდან მე მოგკიდებ ხელს, გათამაშებ და შენგან ისეთ ფეხბურთელს დავაყენებ, თავად რომ ოცნებობ”.

ჯონ ობი მიკელმა “ჩელსიში” 11 წელიწადი გაატარა და ამ გუნდთან ერთად რისი მოგებაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოიგო: ორჯერ პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა, ოთხჯერ გაიმარჯვა ფეხბურთის ასოციაციის თასზე, ორჯერ მოიგო ლიგის თასი, მიაღწია წარმატებებს ჩემპიონთა ლიგასა და ევროლიგაში.