32 წლის ბენედიკტ ჰოვედესი მეშვიდეა გერმანიის ნაკრების 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდიდან, რომელმაც ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. „შპორტ ბილდმა” გადაწყვიტა გულშემატკივარს ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალის გმირთა ახლანდელი ადგილსამყოფელი შეახსენოს.
მანუელ ნოიერი (34 წლის) – „ბაიერნის” (კონტრაქტი 2023 წლამდე) და ნაკრების მოქმედი მეკარეა.
რომან ვაიდენფელერი (39) – კარიერა დაასრულა 2018 წელს. მუშაობს ტელეკომპანია RTL-ში ექსპერტად.
რონ-რობერტ ციელერი (31) – მეორე ბუნდესლიგის „ჰანოვერშია”, მაგრამ აღარ დაიტოვებენ. ახალი კლუბი აქვს საძებნი.
ჯერომ ბოატენგი (31) – 2021 წლამდე „ბაიერნთან” აქვს კონტრაქტი. გერმანიის ნაკრებში 2019 წლიდან აღარ უთამაშია.
ერიკ დურმი (28) – 2014 წლის შემდეგ ნაკრებში აღარ გამოუძახიათ. „ფრანკფურტში” თამაშობს.
მათიას გინტერი (26) – „მიონხენგლადბახის” და ნაკრების მოთამაშეა.
კევინ გროსკროიცი (32) – 2018 წლიდან მესამე ლიგის „ურდინგენში” გამოდის, მაგრამ მეტწილად სათადარიგოა.
მატს ჰუმელსი (31) – „დორტმუნდშია”, მაგრამ ამ ეტაპზე დაშავებულია. ნაკრებში 2019 წლიდან არ მიუწვევიათ.
ფილიპ ლამი (36) – მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებიდან 5 დღეში სანაკრებო კარიერას თავი დაანება. ფეხბურთელის კარიერა 2017 წელს დაასრულა. დღეს არის მეწარმე და გერმანიის საფეხბურთო კავშირის საბჭოს წევრი.
პერ მერტესაკერი (35) – კარიერა ორი წლის წინ დაასრულა. დღეს „არსენალის” აკადემიაში მუშაობს და ინგლისური ინტერნეტ ტელევიზიის DAZN-ის ექსპერტია.
შკოდრან მუსტაფი (28) – 2016 წლის შემდეგ „არსენალში” თამაშობს, ოღონდ ახლა დაშავებულია.
სამი ხედირა (33) – „იუვენტუსში” კარიერას ამთავრებს. ნაკრებში 2018 წლის შემდეგ აღარ იძახებენ.
კრისტოფ კრამერი (29) – ნაკრებში 2016 წლის შემდეგ აღარ გამოუძახიათ. თამაშობს „მიონხენგლადბახში”, სადაც 2023 წლამდე აქვს კონტრაქტი.
ტონი კროოსი (30) – მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ გადავიდა „რეალში”. დღემდე „რეალისა” და ნაკრების წამყვანი ფეხბურთელია.
ბასტიან შვაინშტაიგერი (35) – ფეხბურთელის კარიერა დაასრულა შარშან სექტემბერში. გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის ARD-ს ექსპერტია.
თომას მიულერი (30) – „ბაიერნთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა 2023 წლამდე. გერმანიაში წერენ, რომ კარიერაში მესამე გაზაფხული დაუდგა.
მესუთ იოზილი (30) – 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებში აღარ იძახებენ. „არსენალთან” კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ სავარაუდოდ ძირითადში თამაშის შანსი არ აქვს.
ანდრე შურლე (29) – ორი კვირის წინ კარიერა დაასრულა. მომავალში რას გააკეთებს ჯერ არ გადაუწყვეტია.
იულიან დრაქსლერი (26) – კონტრაქტის თანახმად „პარი სენ ჟერმენთან” კიდევ ერთი წელიწადი აკავშირებს, მაგრამ იქაც, როგორც წესი, შეცვლაზე შეჰყავთ ახალი სისხლის ეფექტისთვის.
ლუკას პოდოლსკი (35) – იანვრიდან თურქეთის „ანთალიასფორში” თამაშობს. თურქებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მარიო გიოტზე (28) – 2014 წლის მუნდიალის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორი დღეს უკლუბოდაა. კონტრაქტი შესთავაზეს „სევილიამ”, „ფიორენტინამ” და „მონაკომ”.
მიროსლავ კლოზე (42) – ფეხბურთელის კარიერა 2016 წელს დაასრულა. ივნისიდან „ბაიერნში” მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო მუშაობა.