ჟოზე მოურინიუ ამბობს, რომ ფინანსური „ფეარ ფლეის” იდეა მოკვდა, და ამის მიზეზი „მანჩესტერ სიტისთვის” ორწლიანი დისკვალიფიკაციის მოხსნაა.
მოკლედ შეგახსენებთ: ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის უეფამ „სიტის” ჩემპიონთა ლიგაში ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. კლუბმა უეფას წინააღმდეგ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაცია შეიტანა და დისკვალიფიკაციის ნაწილში მოიგო, თუმცა 9 მილიონიანი ჯარიმის გადახდა მაინც მოუხდა. გირვანქებზეა ლაპარაკი.
მოურინიუს აღშფოთების საგანიც სწორედ ეს გახდა. „ტოტენჰემ ჰოთსპურის” პორტუგალიელმა მწვრთნელმა ვერ გაიგო, თუკი კლუბი ამხელა თანხით დააჯარიმეს, გამოდის რომ დამნაშავე ყოფილა და თუ დამნაშავეა, მაშინ დისკვალიფიკაცია რატომ მოუხსნეს.
„იქნებ „მანჩესტერ სიტი” მსხვერპლია და მილიონებს ტყუილად ახდევინებენ? — იკითხა მან, — ასეა თუ ისე, ფინანსური „ფეარ ფლეი” დასრულდა. ვიმეორებ: თუ „სიტი” უდანაშაულოა, მაშინ განაჩენიც უსამართლოა, მაგრამ თუ „სიტი” დამნაშავეა, მაშინ… განაჩენი მაინც უსამართლოა.
ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო იქნებოდა „მანჩესტერ სიტი” რომ გაემართლებინათ და კლუბს ჯარიმა არ გადაეხადა, ან… დამნაშავედ ეცნოთ და ჯარიმა ისე დაეკისრებინათ.
მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ახლა „მანჩესტერ სიტიზე” ვლაპარაკობთ. წარსულში ანალოგიურ მდგომარეობაში სხვა კლუბებიც აღმოჩენილან და ყველას კარგად გვახსოვს როგორ დამთავრებულა მათი ამბავი.
მოკლედ, ყველაფერი ცირკს დაემსგავსა. ამიტომ, მოდი გავაღოთ ცირკის კარი და ყველა შევუშვათ შიგ. იხალისოს ხალხმა”.
ძველი მტერ-მოყვარის კომენტარს „მანჩესტერ სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ ასე უპასუხა:
„ჟოზემ და სხვა მწვრთნელებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ზარალი მოგვაყენეს და ბოდიში უნდა მოგვიხადონ. რაიმე ცუდი რომ ჩაგვედინა, სასჯელს როგორც უეფასგან ასევე სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოსგან მორჩილად მივიღებდით. დამნაშავე მართლაც უნდა დაისაჯოს.
არ ველით, რომ „ლივერპული”, „ტოტენჰემი”, „არსენალი”, „ჩელსი”, „ვულვზი” და სხვები მხარს დაგვიჭერენ, მაგრამ საკუთარი თავი ხომ უნდა დავიცვათ.
ჩვენ გვწამს, რომ მართლები ვართ და ყველაფერი რაც გავაკეთეთ სწორი იყო. ეს სამმა დამოუკიდებელმა მოსამართლემ დაგვიდასტურა”.