უძველესი და უპრესტიჟულესი ბოსტონის მარათონი წელს აღარ ჩატარდება. თავდაპირველად ითქვა, რომ გარბენი 14 სექტემბრისთვის იყო გადატანილი, ახლა კი მის ჩატარებაზე ორგანიზატორებმა ხელი საბოლოოდ ჩაიქნიეს. მიზეზი, ცხადია, კორონაპანდემიაა.

შევნიშნოთ: ბოსტონის მარათონი არსებობის 124-წლიან ისტორიაში აქამდე ერთხელაც არ ჩაშლილა.

თუმცა, უმარათონოდ წელი მაინც არ ჩაივლის და ის … ვირტუალურად გაიმართება. ყველას, ვინც გარბენში დარეგისტრირდა, სარეგისტრაციო შენატანს უბრუნებენ და ამავე დროს სთავაზობენ: სადაც გინდათ გაირბინეთ 42,1 კილომეტრი და თუ თქვენი დრო 6 საათზე ნაკლები აღმოჩნდება, დადასტურებული მონაცემები გამოგვიგზავნეთო.

ბოსტონის მარათონი თავდაპირველად 20 აპრილს იყო დაგეგმილი. მის გარდა წელს აღარ ჩატარდება რომის, ბარსელონას, პარიზის და ბერლინის მარათონები.