ამ ეტაპზე არსებული მონაცემების თანახმად, „მილანის” ვეტერანი შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაშავებულია და არ არის გამორიცხული, რომ ტრავმა სერიოზულია. ამბობენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ თავდამსხმელს აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი.
იბრაჰიმოვიჩი „მილანის” ვარჯიშზე დაშავდა.
მოგეხსენებათ, იტალიაში ფეხბურთელები კარანტინის შემდეგ ამ კვირაში დაუბრუნდნენ ვარჯიშს. „როსონერის” პრეს-სამსახურმა დაადასტურა, რომ იბრაჰიმოვჩს მყესის პრობლემა აქვს, თუმცა მეტი არაფერი დაუზუსტებია. მან თქვა, რომ დანარჩენს გამოკვლევა აჩვენებს.
პრესა წერს, რომ თუ შვედს მართლა აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი, ეს სულ მცირე ერთთვიან უქმობას ნიშნავს.
უარეს შემთხვევაში 38 წლის ფეხბურთელს შეიძლება კარიერის დასრულებაც მოუხდეს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიაში ახალი დაბრუნებულია. კარანტინი მან მშობლიურ შვედეთში გაატარა.
როდის განახლდება სერია A-ს სეზონი, სავარაუდოდ მაისის ბოლოს გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა „მილანში” თამაში წლის დასაწყისში, ამერიკული „ლოს ანჯელეს გელექსიდან” წამოსვლის შემდეგ დაიწყო.
მას „როსონერისთან” სეზონის ბოლომდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული.