„არსენალის” ყოფილი მწვრთნელი, ესპანელი უნაი ემერი იგონებს, რომ მისი ჩრდილოეთ ლონდონში მუშაობის დროს გერმანელი მესუთ იოზილი გუნდის ერთგულებით და თავდადებით არ გამოირჩეოდა.

ემერი „მეთოფეთა” მწვრთნელის თანამდებობიდან ნოემბერში გაუშვეს. იმ მომენტისთვის იოზილს, 2019-20 წლების სეზონში, მხოლოდ შვიდჯერ ჰქონდა ნათამაშები.

ყოფილი თავკაცი ამბობს, რომ გერმანელი ყველაფერში საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს. ის დასძენს, რომ თანაგუნდელები მას არ ენდობოდნენ, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად არ აღიქვამდნენ და მის კაპიტნობაზე უარი თქვეს.

„პასუხი საკუთარ თავს მოსთხოვოს. რაც თავს გადახდა, იმის ბრალია, რომ არც მონდომებული იყო და არც ერთგული.

მე იოზილის დასახმარებლად ყველა ღონე ვიხმარე. ნიჭიერი ფეხბურთელების ხელშეწყობა ჩემს სამწვრთნელო კარიერას წითელ ხაზად გასდევს. ყოველთვის ვახერხებდი, რომ მათ ჩემს ხელში საუკეთესოდ ან თითქმის საუკეთესოდ ეთამაშათ.

როდესაც „არსენალში” ვმუშაობდი, იოზილის მიმართაც დადებითად ვიყავი განწყობილი. მინდოდა, ის მაქსიმალურად ყოფილიყო საქმეში ჩართული, მაგრამ საამისოდ მონდომება და ერთგულება არ ეყო.

სხვათა შორის, მინდოდა „არსენალის” ერთ-ერთი კაპიტანი იოზილიც ყოფილიყო, მაგრამ გუნდმა არ ისურვა. ასეთი გულგრილი კაცის კაპიტნობა თავად ფეხბურთელებს არ უნდოდათ”, — თქვა ემერიმ „დეილი მეილთან” ინტერვიუში.

ემერის თქმით, ყველაფერს წერტილი მაშინ დაესვა, როდესაც ბაქოდან დაბრუნების შემდეგ — სადაც „არსენალმა” „ჩელსისთან” ევროლიგის ფინალში (1:4) წააგო — იოზილმა გუნდის შეკრება გააცდინა.

„ვალენსიას”, „სევილიას”, მოსკოვის „სპარტაკისა” და „პარი სენ ჟერმენის” ყოფილი მწვრთნელი: „ლონდონში დილის 8 საათზე ჩამოვფრინდით. აეროპორტიდან შინ წავედი, სამი საათი მეძინა და შემდეგ ბაზაზე გავეშურე. ფეხბურთელებთან შეხვედრები მქონდა დანიშნული. თითოეულთან ინდივიდუალურად ნახევარი საათი უნდა მელაპარაკა.

და ერთადერთი, ვინც მოსვლა არ ინება, მესუთ იოზილი გახლდათ.

სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ერთგულებასა და თავდადებაზე ვლაპარაკობ. გუნდის ერთგული კაცი, ასეთ თათბირს არ გააცდენდა”.