
პრემიერლიგა პრემიერლიგად და ინგლისში ქვეყნის საფეხბურთო ლიგაც არსებობს, რომლის კლუბები კორონავირუსმა მძიმე მატერიალურ დღეში ჩააგდო. სწორედ მათ და ფეხბურთელებს შორის დაიძაბა ურთიერთობა. მიზეზი გასაგებია: კლუბებს უნდათ მოთამაშეებს ხელფასები შეუმცირონ, რაც ამ უკანასკნელთ არ მოსწონთ. და ამ დაპირისპირების მომრიგებლად გადაწყვიტეს „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი გარი ნევილი გამოიყვანონ.
ცხადია, საქმეში პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციაც არის ჩართული.
ნევილი, რომელიც ძირითადად ტელემიმომხილველობით არის ცნობილი, მეორე ლიგის კლუბის „სელფორდ სიტის” თანამფლობელია. იმის მიუხედავად, რომ ეს ამბავი კარგად იცოდნენ, როდესაც ის ვიდეოკონფერენციებსა და მოლაპარაკებებზე გამოჩნდა, სხვა კლუბების წარმომადგენლებს ძალიან გაუკვირდათ.
ინგლისის საფეხბურთო ლიგასაც უხარია, რომ 45 წლის ვარსკვლავყოფილი აქტიურობას იჩენს. როგორც ირკვევა, ნევილისთვის ზოგიერთი გუნდის მწვრთნელსა და ფეხბურთელებს უკვე მიუმართავთ რჩევისთვის.
საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთმა მფლობელმა თქვა: „ის ძალიან არგუმენტირებულად ლაპარაკობდა და გარდა ამისა, აშკარად დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობს. ასეთი პიროვნების აქტიურობა კი კრიზისულ დროს ძალიან სასარგებლოა”.
ინგლისის საფეხბურთო ლიგის შეფებმა განაცხადეს, რომ მათ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციასთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც პირველი და მეორე ლიგის ფეხბურთელებს ხელფასების 25 პროცენტი გადაუვადდებათ.
აქვე უნდა დავძინოთ, რომ მოთამაშეები, რომლებიც თვეში (და არა კვირაში, როგორც ამას პრემიერლიგაში ვართ მიჩვეულები) 2500(!) გირვანქაზე ნაკლებს იღებენ, ძველებურად გააგრძელებენ ჯამაგირის აღებას. დაქვითვა და გადავადება მათ არ შეეხებათ.
ნევილმა სოციალურ მედიაში დაწერა: „ეს საკითხი თანამშრომლობით უნდა გადაწყდეს. ყოჩაღ @EFL და @PFA ”
გარი ნევილის სასახელოდ ისიც უნდა ითქვას, რომ ის კრიზისის პერიოდში ქვეყნის ჯანმრთელობის სამსახურს უდგას მხარში. იგი მანჩესტერში სასტუმრო Football-ის თანამფლობელია და ეს სასტუმრო ექიმებისა და ექთნებისთვის აქვს დათმობილი.
ნევილის გამორჩეულ საქციელთაგან ინგლისში ყველაზე მეტად ევრო 2004-ის შესარჩევი მატჩის წინ, თურქეთში მომხდარი ამბავი ახსოვთ. მან ნაკრების მოთამაშეებს კენჭისყრა მოუწყო და ხმათა უმრავლესობით აიძულა გუნდი გამოსარჩლებოდა რიო ფერდინანდს, რომელმაც დოპინგ ტესტს თავი აარიდა და ამის გამო ფეხბურთის ასოციაცია დასჯას უპირებდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
