პრემიერლიგის კლუბები ამბიციურ გეგმას ებღაუჭებიან — მაისში უნდათ შეწყვეტილი ჩემპიონატის გაგრძელება. ასე 750 მილიონ გირვანქას გადაარჩენენ.
ოცივე კლუბის წარმომადგენელი და ლიგის შეფი რიჩარდ მასტერსი პარასკევს ვიდეოკონფერენციას ჩაატარებენ. ეს იქნება ეგრეთწოდებული მეწილეთა თათბირი.
„დეილი მეილი” წერს, რომ პრემიერლიგის ჩინოვნიკები ფიქრობენ შეჯიბრება 16 ივლისს დაასრულონ. ლაპარაკია უმაყურებლოდ თამაშზე.
აქ მთავარი სატელევიზიო ტრანსლაციებია. თუკი პრემიერლიგა ჩემპიონატის მიმთავრებასა და, შესაბამისად, დარჩენილი თამაშების ტელევიზიით გადაცემას მოახერხებს, ზემოთ ნახსენები თანხა დასაბრუნებელი არ ექნება.
საქმე ის არის, რომ ისეთ ტელეკომპანიებს, როგორებიც არიან Sky და BT, პრემიერლიგასთან გაფორმებული აქვთ წელიწადში 3 მილიარდ გირვანქად ღირებული ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება 31 ივლისამდეა ძალაში და კლუბებს სწორედ ამ ფულის მთლიანად დატოვება სურთ. იმ შემთხვევაში, თუ თამაშები ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ტელევიზიით ვერ გადაიცემა, 750 მილიონი დასაბრუნებელი იქნება.
ფაქტია, დღევანდელი მდგომარეობით ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ინგლისში, მაისში ბურთი გაგორდება. ქვეყნის ჯანდაცვის მაღალჩინოსანი ჯენი ჰერისი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა და მთელი რიგი აკრძალვები ალბათ ოქტომბრამდე იქნება ძალაში.
ასეთ შემთხვევაში, თუ პრემიერლიგამ შემდეგი სეზონი (შეწყვეტილზე ხომ ლაპარაკი აღარ არის) ოქტომბრამდე ვერ დაიწყო, მაშინ გეგმები ირევა და ინგლისი ევროპის ჩემპიონატს ვეღარ შეხვდება დალაგებული. ვითარება რთულია. იკარგება დიდძალი თანხა.
ვნახოთ, რა გადაწყდება პარასკევს. თუ გადაწყდება საერთოდ, რამე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
