„ყველაზე საშინელი მომენტი, რაც კორტზე გადამიტანია,“ – ეს რაფა ნადალის სიტყვებია. ავსტრალიის ღია პირველობაზე ფედერიკო დელბონისთან შეხვედრისას (ესპანელმა 6:3, 7:6, 6:1 მოიგო) რაფამ უხერხულად მიიღო ბურთი და მსაჯის კოშკურასთან მდგომ გოგონას თავში მოარტყა. ნადალი მაშინვე გოგონასთან მივარდა, დარწმუნდა, რომ ყველაფერი კარგადაა, ნამატჩევს კი მას და მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა: “მაპატიეთ. შემთხვევითობა იყო, ანიტა კი უმაგრესი გოგონაა”.

მესამე წრიდან ავსტრალიის ღია პირველობას და დიდ ჩოგბურთს დაემშვიდობა ქალთა შორის ყოფილი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი. 29 წლის ვოზნიაცკი ერთადერთი დანიელია, ჩოგბურთში ამ სიმაღლეზე რომ აფრინდა. კარიერაში 30 ტურნირის მომგებს (მათ შორის 2018 წლის ავსტრალიის ტრიუმფატორი) ტუნისელ ონს ჟაბერთან 5:7, 6:3, 5:7 მარცხის შემდეგ ცრემლი მოეძალა. კარიერის ბოლო მატჩში კაროლინა ახლო მეგობარ სერენა უილიამსთან 18 მარტს მშობლიურ კოპენჰაგენში იამხანაგებს.

ნაადრევად ჩააშალითებინეს ჩოგანი უკვე ნახსენებ სერენა უილიამსს. ამერიკელის ცოდვა 29-ე ჩოგანმა ჩინელმა ციან ვანმა დაიდო. ტურნირს დაემშვიდობა მარია შარაპოვაც, რომელიც რეიტინგში 150-ეულის მიდამოებშია და „ველური ბარათის“ გარეშე ძირითად ბადეშიც ვერ ხვდებოდა.

დანარჩენი? სეტიც არ დაუთმიათ დიდი ტრიუმვირატის წევრებს – რაფას და ნოვაკს, აი, როჯერმა კი ქომაგი ნამეტანი ანერვიულა…