საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში „რეალმა” პენალტებით მოუგო „ატლეტიკოს” და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

პენალტების სერიაში ჯერ ტიბო კურტუამ მოიგერია ტომას პარტეის დარტყმული, შემდეგ კი გამარჯვების გოლი სეხიო რამოსმა შეაგდო.

საკუთრივ თამაში 0:0 დასრულდა.

ყველაზე ხმაურიანი მომენტი ალბათ 115-ე წუთზე იყო, როდესაც მეკარისკენ ჯიქურ მიმავალ ალვარო მორატას ფედე ვალვერდე თავქუდმოგლეჯილი წამოეწია და უკნიდან კვანტი გამოსდო. ვალვერდე ცხადია გააძევეს, მაგრამ ურუგვაელმა ასეთი ხერხით „რეალი” წაგებისგან იხსნა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მაინც ფედე ვალვერდე დაასახელეს.

მატჩის შემდეგ, პრესამ ყურადღება გაამახვილა, რომ ეს გახლდათ მადრიდელთა თავკაცის, ზინედინ ზიდანის ზედიზედ მეცხრე მოგებული ფინალი. სხვა სიტყვებით, რაც „ლოს ბლანკოსის” მწვრთნელია, ფრანგს ფინალი არ წაუგია.

„ჩვენ ყველანი ერთად ვემზადებოდით სუპერთასის მატჩებისთვის. ნამდვილად ვერ გეტყვით, ცხრიდან ცხრაჯერ რატომ გავიმარჯვეთ. „ატლეტიკოსთან” მოგება ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მოთმინებით აღვიჭურვეთ. შესვენებისას არ ვიცოდით, როგორ უნდა მივახლოვებოდით მეტოქის კარს. უბრალოდ, ნერვებს არ ავყევით და როგორც ყოველთვის გვწამდა, რომ გავიმარჯვებდით.

თასის მოგება ყოველთვის ძნელია, მითუმეტეს, როდესაც „ატლეტიკოს” დონის გუნდს ხვდები. შანსები ორივე გუნდს ჰქონდა.

ამრიგად, სუპერთასი მოვიგეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრ შეჯიბრებაში ვმონაწილეობთ და ზეიმის დრო არ გვაქვს. ცოტას დავისვენებთ და მუშაობას განვაგრძობთ, რადგან თავს ფორმიდან ამოვარდნის უფლებას ვერ მივცემთ. ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. სეზონი მეტისმეტად ხანგრძლივია”.

შემდეგ ზიდანს ფედე ვალვერდეზე ჰკითხეს.

„მიხარია ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დაასახელეს. ვალვერდემ დიდი სამუშაო შეასრულა. მწამს, ჯილდოს სიამოვნებით გაუნაწილებდა თანაგუნდელებს.

რაც შეეხება გაძევების ეპიზოდს, რასაკვირველია, მან იუხეშა, მაგრამ ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო. აქ მნიშვნელოვანია, რომ ფედე ალვაროსთან მივიდა და ბოდიში მოუხადა.

ყველას ვულოცავ გამარჯვებას, განსაკუთრებით კი ტიბო კურტუას, რომელიც შეხვედრის მსვლელობისასაც ჩინებულად თამაშობდა და პენალტებშიც გვიხსნა”.