ჟურნალი „ფორბსი“ ყოველწლიურად ასახელებს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების ათეულს. ამჯერად ჟურნალმა გასული ათწლეულის ათეული დაასახელა. პირველ საფეხურზე მოკრივე ფლოიდ მეივეზერია, რომელმაც 2009-2019 წლებში 915 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მხოლოდ მენი პაკიაოსა და კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ გამართულ 22 რაუნდში ფლოიდს ჰონორარის და ტრანსლაციებიდან ბონუსების სახით 575 მილიონი ერგო. ის შემოსავალს ძირითადად ამ ორი წყაროდან იღებს და არა სპონსორებისგან ან რეკლამებიდან, როგორც სპორტსმენთა უმეტესობა.
კრივიდან 2007 წელს წასული ფლოიდი პირველად 2009 წელს დაბრუნდა ხუან მანუელ მარკესთან მოგებით (25 მლნ). მერე იყო 5 ბრძოლა (თითოში 34-45 მლნ.) და საულ ალვასის დამარცხებაში აღებული 73 მილიონი. მენი პაკიაოსთან საუკუნის ბრძოლამ მეივეზერის საბანკო ანგარიში 300 (!!!) მილიონი დოლარით შეავსო. დესერტად ფლოიდმა ანდრე ბარტო გალახა, კიდევ 30 მილიონი მიიღო და კრივიდან მეორედ წავიდა.
არავინ ეჭვობდა, რომ მეივეზერი დაბრუნდებოდა. მას კარიერაში 49 ბრძოლა და 49 გამარჯვება დაუგროვდა, რითაც ლეგენდარულ როკი მარჩიანოს გაუტოლდა და აუცილებლად უნდა ცდილიყო გადასწრებას. ფლოიდი ელოდა. ელოდა მსუყე და წაუგებელ ვარიანტს. ასეთი ვარიანტი კი კონორ მაკგრეგორის სახით გამოუჩნდა…
მაკგრეგორი UFC-ის პირველი ჩემპიონია ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მაგრამ კრივის წესებით ბრძოლაში უშანსოდ იყო და ფლოიდი კიდევ 275 მილიონით გაამდიდრა. ათწლეული მეივეზერმა იაპონელ კიკბოკსიორ ტენსინ ნასუკავასთან კორპორაციულ წვეულებაზე გამართული ბრძოლით და 9-მილიონიანი ჰონორარით დახურა.
დამდეგ წელს ფლოიდ მეივეზერი 2 ბრძოლას გამართავს. მისი ერთი მეტოქე მოკრივე იქნება, მეორე კი ვინმე UFC-დან. ამთავითვე ცხადია, რომ ამ ორი ბრძოლის ჰონორარით ფლოიდი მომავალი ათწლეულის ყველაზე შემოსავლიანთა ათეულში დაიბევებს ადგილს. მით უმეტეს, მის სავარაუდო მეტოქედ რუსების ჯილა ჰაბიბ ნურმაგომედოვი