იაპონიის პროვინცია კუმამოტოში ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის ბედი სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ბოლოწამს გადაწყდა: საფინალო სირენამდე წუთითა და 43 წამით ადრე ესპანელებმა ჰოლანდიელებს გოლი გაუტანეს, ანგარიში გაქვითეს — 29:29. ამას მოჰყვა ჰოლანდიელების წუთშესვენება და შეტევა, რომელსაც ესპანეთის დაცვა იმდენად მობილიზებული დახვდა, რომ მსაჯებმა გარკვეული ხნის შემდეგ შემტევ მხარეს „პასიურობის” გამო ბურთი ჩამოართვეს. ახლა უკვე ესპანეთმა აიღო წუთშესვენება. შემდეგ შეუტია. მატჩის დამთავრებამდე 8 წამით ადრე მარცხენა ინსაიდმა კაბრალ ბარბოსამ ესროლა მეტოქის კარს, მაგრამ ვერ გაიტანა — ბურთი ჰოლანდილთა მეკარის ულუფა გახდა, რომელმაც სწრაფი კონტრშეტევის წამოწყება სცადა, მაგრამ… 6 მეტრიან ხაზთან მას პივოტი ერნანდეს სერადორი აუხტა და პასი ჩაუჭრა. აი, ამისთვის, ერნანდეს სერადორი წითელი ბარათით დასაჯეს და ვინაიდან წესი ბოლო 30 წამში დაირღვა (თუკი საერთოდ იყო წესის დარღვევა), ესპანელები პენალტით დაისაჯნენ. 7 მეტრიანი ლოის აბინგმა გაიტანა და „ნარინჯისფერებს” ისტორიაში პირველად მოუტანა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
ამრიგად, მსოფლიოს ქალთა შორის ახალი ჩემპიონი ჰყავს. ჰოლანდიელებმა პირველი საერთაშორისო ჯილდო სულ 4 წლის წინ, დანიაში მოიპოვეს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდნენ. 2017 წელს, გერმანიაში, მათ ბრინჯაოს მედალი მოიგეს და აი, ოქროც!
რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, ვერცხლი მათ ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ოქროსთვის იბერიელები 2021 წელს მშობლიურ კედლებში იბრძოლებენ.
ბრინჯაოს მედლები კი მოიგეს რუსებმა, რომლებმაც არშემდგარ ფინალში, ნორვეგია დაამარცხეს 33:28.
მსოფლიოს ჩემპიონატის MVP-დ დაასახელეს ჰოლანდიელი გამთამაშებელი ესტვანა პოლმანი. 71 გოლით საუკეთესო ბომბარდირიც ჰოლანდიელი ლოის აბინგი გახდა.