„მანჩესტერ სიტის” გულშემატკივარი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის” აფრიკული წარმოშობის ფეხბურთელს, ბრაზილიელ ფრედს თითქოსდა მაიმუნის ჟესტებით დასცინოდა, ამბობს, რომ სულაც არ არის რასისტი. შეგახსენებთ, რომ ეს ამბავი შაბათს, მანჩესტერული დერბის დროს მოხდა. სტუმარმა „იუნაიტედმა” „სიტის” 2:1 მოუგო.
ფანი, რომელიც ვიდეოჩანაწერში მოხვდა და მას მანჩესტერის რეგიონის პოლიციამ მიაგნო ყოფილა მავანი ენტონი ბარკი, რომელიც სამშენებლო კომპანია „კირ გრუპმა” სამსახურიდან გაუშვა, მაგრამ გამოჭერილმა და დასჯილმა შვილების მამამ სოციალურ ქსელში დაწერა, არანარ ჟესტიკულაციას არ მივმართავდი, უბრალოდ ხელებს ჯიბეში ვიწყობდიო.
„მომისმინეთ, რასისტად მხოლოდ იმიტომ გამომაცხადეს, რომ მოვხვდი კადრში, სადაც ჩემი მოძრაობა სხვა რაღაცას ჰგავს. მაგრამ, დამიჯერეთ, მე რასისტი არ ვარ. ნახეთ მატჩის ჩანაწერი. ნახევარი თამაშის განმავლობაში კადრში ვჩანვარ. ამ მომენტში კი ხელებს ვიწყობ ჯიბეში”.
ბრიტანული არმიის ვეტერანი, რომელიც სამხედრო სამსახურს ჩრდილო ირლანდიაში გადიოდა ამბობს, რომ ტყუილია, თითქოს ის დაიჭირეს; უბრალოდ პოლიციაში გასაუბრებაზე ვარ დაბარებულიო.
საპირისპიროს ყვება მისი ყოფილი ქალ-პარტნიორი და მისი შვილების დედა სახელად ემი, რომლის ინფორმაციითაც, ენტონი ბარკი პოლიციამ დილით აიყვანა და შემდეგ მავანთაგან მუქარის მეილებიც მისდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებს ერთად აღარ ვცხოვრობთო, ემიმ ზუსტად იცოდა რა მოხდა ენტონის სახლში დილით და შვილების ბედი აშინებს.
რაც შეეხება ფრედს, ის ამბობს, რომ სანამ თანაგუნდელებმა მატჩის შემდეგ ვიდეო არ აჩვენეს, მანამდე არც კი იცოდა, რომ ტრიბუნიდან ვიღაც რაღაცას უყვიროდა.