საოცარი კაცია ჟერარდ პიკე. კატალონიის ფეხბურთის ფედერაციის გალა შოუზე, წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯილდოს მისაღებად ბოლოწამს, ქოშინით მივარდა — ლონდონიდან ახალდაბრუნებული აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზს მიაწყდა.
„არ მეგონა თუ მოვასწრებდი. დიდი ბოდიში ასეთი ჩაცმულობისთვის. ისე, რიკი რიკი პუიგმა მაინც მაჯობა, — იხუმრა ვეტერანმა ყმაწვილი ბარსელონელის სამოსზე და დასძინა, — ამ ჯილდოს მიღება საამაყოა. მინდა დიდი მადლობა გადავიხადო თანაგუნდელებსა და კლუბს, რომელთა გარეშე ვინც ვარ ის ვერ გავხდებოდი. იმედი მაქვს, რომ წინ წარმატებული წელიწადი გველის”.
შემდეგ კი პიკემ საჭიროდ ჩათვალა საზოგადოებისთვის განემარტა, რომ მისი პრიორიტეტი ფეხბურთია.
„ჩემი პრიორიტეტი გახლავთ ფეხბურთი, ფეხბურთი და ფეხბურთი. გაზეთების რედაქტორები აქ არიან? რაღაც მათ ამ ბოლო დროს ძალიან შევუყვარდი. რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს „დევისის თასზეც” გადართვა ფეხბურთის თამაშში ხელს მიშლიდა, მაგრამ ეს ჯილდო მთელი გასული წლის სამუშაოს შეჯამებაა და გარწმუნებთ, წლეულსაც ასე იქნება. საქმეები ხან უკეთ წავა, ხან კი უარესად, მაგრამ მე დავამტკიცე, რომ „ბარსელონას” მაისური ჩემთვის წმინდაა და ასე გაგრძელდება იმ დღემდე, სანამ ფეხბურთის თამაშს თავს არ დავანებებ. თუ ჩვენ ბევრ ტიტულს მოვიგებთ, მწამს ის ხალხი ვინც დღეს მაკრიტიკებს, აღარ იტყვის, რომ სხვა საქმეებზე ყურადღება მეფანტება”.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ბევრი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. „ფრანს ფუტბოლის” ოქროს ბურთი ანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ლეო მესიმ მიიღო, ხოლო იტალიის საუკეთესესო მოთამაშედ და თავდამსხმელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელეს.