ღმერთმა უწყის ეს ბოლო მცდელობა იქნება თუ არა, მაგრამ მაესტრომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეეცადოს ბულონის ტყიდან მატადორი განდევნოს.

ყველა წინა მცდელობა უშედეგო გამოდგა. მართალია, მას „როლან გაროსი“ მოგებული აქვს, მაგრამ ამას აწ უკვე ყოფილ შვედ ჩოგბურთელს რობინ სოდერლინგს უნდა უმადლოდეს, რომელმაც 2009 წელს წარმოუდგენელი სენსაცია მოახდინა და რაფაელ ნადალი ტურნირიდან გამოთიშა, თავად კი ფინალში გააღწია და იქ როჯერ ფედერერთან დამარცხდა. რომ არა სოდერლინგის გმირობა, არავინ იცის დიდებულ როჯერს, თავისი ჯილდოების შთამბეჭდავ კოლექციაში საფრანგეთის ღია პირველობის თასი ექნებოდა თუ არა.

ისე კი, როჯერ ფედერერს ოთხჯერ ჰქონდა შანსი „როლან გაროსზე“ რაფას საჩემპიონო ტახტი შეერყია, მაგრამ თანამედროვეობის და ზოგადად სამეფო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეჩოგნეს ვერცერთხელ ძვრა ვერ უყო. მაესტრომ, გრუნტის მეფესთან ოთხივე ფინალი წააგო.

ჩოგბურთის ქომაგმა კარგად უწყის, რომ ვეტერანი შვეიცარიელი ჩოგბურთელისთვის გრუნტი საყვარელი საფარი არ გახლავთ. ფედერერმა შარშან ოდენ სამ ტურნირზე – რომის და მადრიდის მასტერსებზე და „როლან გაროსზე“ ითამაშა, ხოლო შარშანწინ თიხა საერთოდ იუარა. იყო მოლოდინი, 38 წლის როჯერს, გრუნტზე თამაში გაისადაც არ მოესურვებინა, მაგრამ ქომაგების გასახარად მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ „როლან გაროსზეც“ იქნება და სხვა მნიშვნელოვან ტურნირებზეც.

„გუნდთან შეთანხმებით მივიღე გადაწყვეტილება გრუნტის ტურნირებზე 2020 წელსაც ვითამაშო, როგორც ეს უკვე დასრულებულ სეზონში გავაკეთე. რა თქმა უნდა, ყველა შეჯიბრში არა, მაგრამ ერთ-ორ მასტერსზე და თავისთავად საფრანგეთის ღია პირველობაზე აუცილებლად ვიქნები.
მიხარია, რომ 2019 წელი ტრავმის გარეშე გავიარე და იმედს ვიტოვებ ამ მხრივ პრობლემები არც გაისად შემექმნება. სეზონის განახლებას მოუთმენლად ველი,“ – ამბობს როჯერ ფედერერი.

წლეულს, რომის და მადრიდის მასტერსებზე ფედერერმა თავი ვერაფრით გამოიჩინა, აი, „როლან გაროსზე“ კი შესაძლოა ბევრისთვის მოულოდნელად ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც რაფაელ ნადალთან წააგო.

ამრიგად, წყალი აღარ გაუვა, რომ ფედერერი 2020 წელს ოთხივე დიდი სლემის ტურნირზე იქნება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მან თანხმობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზეც თქვა.