დიდი ამბებია ნეაპოლში. ვერ მისდის კარგად საქმეები „ნაპოლის.“ განსაკუთრებით ბოლო თვის განმავლობაში. ხუთ მატჩში გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოიგო და სერია A-ს ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგაში საქმეები ოდნავ უკეთაა, თუმცა აქაც წაიფორხილეს ორჯერ: „გენკთან“ და „ზალცბურგთან.“
ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი გუნდში არსებული უთანხმოებაა. ფეხბურთელებს, მწვრთნელსა და პრეზიდენტს ერთმანეთის აღარ ესმით.
საერთოდ, კარლო ანჩელოტის სიმშვიდისა და სოლიდურობის გამოხატულებად მიიჩნევენ, მაგრამ მასაც უმტყუნა ნერვებმა. ჩემპიონთა ლიგაში „ზალცბურგთან“ მატჩის შემდეგ (1:1), ის სავალდებულო პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა. მანამდე ის „ატალანტასთან“ შეხვედრისას, არბიტრთან კამათისთვის გააძევეს. შედეგად, კარლომ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ერთ კვირაში ორი ინციდენტი ბევრი ხომ არ არის? ამას დაუმატეთ ფეხბურთელების უკმაყოფილება, პრეზიდენტთან გართულებული ურთიერთობა და ცხადი გახდება, რომ ანჩელოტიმ არა მხოლოდ თავის ემოციებზე დაკარგა კონტროლი, არამედ, მთელ გუნდზეც.
„ზალცბურგთან“ მატჩის შემდეგ, აჩელოტი პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნას დაემორჩილა და თავის თანაშემწეებთან ერთად საკლუბო ბაზაზე დაბრუნდა, რათა სოლიდური ჯარიმისთვის აერიდებინა თავი. საქმე ის არის, რომ ლაურენტისმა მწვრთნელ-ფეხბურთელებს დაავალა, შეხვედრის შემდეგ ბაზაზე მისულიყვნენ და იქ ხუთი დღის განმავლობაში დარჩენილიყვნენ.
ფეხბურთელებმა პრეზიდენტის მოთხოვნას ყური არ თხოვეს და ნამატჩევს სახლებში წავიდნენ.
ამბობენ, ანჩელოტი მალე „ნაპოლის“ დატოვებს და „ბოკა ხუნიორსში“ წავაო.