„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და ბათუმის „დინამოს,“ – მეხივით გავარდა ბათუმური კლუბის მფლობელის, არჩილ ბერიძის სიტყვები „ჩიხურასთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც ზემოიმერლებმა 2:0 მოიგეს.
სტუმრებს პროტესტის საფუძველი, ცხადია, ჰქონდათ. მათთვის ხომ ყოველ ქულას უკვე ბაჯაღლო ოქროს ფასი დაედო. იყო მართლაც ეპიზოდი, როცა ზღვისპირელთა შეტევისას, ლადო დვალიშვილის დარტყმული ბურთი საჩხერელ მცველს დავით მაისაშვილს, საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა გოგა კიკაჩეიშვილმა ნაღდი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.
იყო! მაგრამ მეორე დღეს ვნებები დაცხრა, ბათუმელების ხელმძღვანელობამ საგანგებო პრესკონფერენცია ჩაატარა ანგისას ბაზაზე, რომლის დროსაც ბერიძემ თქვა: გუშინ პატარა გაუგებრობა მოხდა. წასვლას არსად ვაპირებთ, დიდი ვალდებულება გვაქვს აღებული და კლუბს არაფრით დავტოვებთო. თუმცა, იქვე დაამატა: „ეჭვი მაქვს, კიკაჩეიშვილს ეს შეცდომით არ გაუკეთებია. ასე გამიზნულად მოიქცა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამაში ფეხბურთის ფედერაციის ხელი არ ურევია.“
ბათუმელთა დირექტორმა ასლან ბალაძემ კი თქვა: კიკაჩეიშვილს კარგად ვიცნობ. პირველად მოხდა, რომ მსაჯთა ოთახში შევედი. თამაშის შემდეგ კიკაჩეიშვილმა დამირეკა და ბოდიში მომიხადა – პირველი შემთხვევაა, როცა ბოდიშს ვიხდი, ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, მაპატიოს ბათუმმაო.“
სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კი თქვა: „ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია რაც ბოლო დღეებში მოვისმინე. ფედერაციას ხელს დაადებს თუ არა, ეს მნიშვნელოვანი არაა, მთავარია ქართული ფეხბურთი. მესმის, რომ ემოციურ ფონზე ადამიანმა შეიძლება სხვა ტონზე ისაუბროს, მაგრამ მეორე დღესაც, რომ იგივეს აგრძელებს, ეს მიუღებელია და გპირდებით ჩვენი მხრიდან ამას ექნება ადეკვატური რეაგირება. გულახდილ პოზიციას დავაფიქსირებ. მსაჯი რომ ვყოფილიყავი, იქ პენალტს დავნიშნავდი. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, მტკიცებას ნურავინ დაიწყებს, იქ კონტაქტი იყო თუ არა – ეს არ ვიცი. ამ კადრებით ძნელი დასანახია, იყო თუ არა კონტაქტი და ვერ ვიდავებ. ერთი კვირის წინ იყო, „საბურთალოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრის ბოლო წუთზე ლევან მჭედლიძე რომ შეიჭრა საჯარიმოში. ერთი შეხედვით, პენალტია, მაგრამ საბოლოოდ, ასე არ იყო. ჯოვინოც, შესაძლოა, ისე წაიქცა, რომ კონტაქტი არ იყო…
„ბათუმს“ პრობლემა თავად გუნდში აქვს, ბოლო 4 თამაში არ მოუგია. გორშიც ცუდი მოედანი ჰქონდათ და „ვიტ ჯორჯიასთანაც“? სიმართლე თუ გაინტერესებთ, ანგისაში თბილისის „დინამოს“ რომ უმასპინძლეს, იქაც არ შეიძლებოდა ფეხბურთის თამაში. მაგრამ ვითვალისწინებთ ბათუმის, ხალხის ინტერესს… ეს ტიპური მაგალითია იმისა, როცა არ გინდა შენი პრობლემა დაინახო და მას სხვაგან ეძებ.“
ბათუმელთა „საჩუქრით“ ჩემპიონობის კიდევ ერთმა მაძიებელმა, „საბურთალომ“ ვერ ისარგებლა და თავადაც დამარცხდა გორში „დილასთან.“ სამაგიეროდ, გორელებმა მიიღეს კარგი შანსი, ელიტაში პლეი აუტის გარეშე დასარჩენად.
თბილისის „დინამომ“ შანსი ხელიდან არ გაუშვა, „ტორპედო“ ლევან კუტალიას დუბლით 2:1 დაამარცხა და კვლავ გალიდერდა. ახლა მისი გადასწრება უკვე ძალიან ძნელი იქნება.
ტიტულის მაძიებელთა დარჩენილი მატჩების კალენდარი კი ასეთია:
დინამო: რუსთავი (სტუმრად), დილა (ს), ვიტ ჯორჯია (შინ)
ბათუმი: სიონი (შ), რუსთავი (შ), ლოკომოტივი (ს)
საბურთალო: ვიტ ჯორჯია (შ), ჩიხურა (ს), სიონი (შ)
უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო „სიონმა.“ ქვემოქართლურ დერბიში მათ „რუსთავი“ დაამარცხეს და ელიტაში დარჩენისაკენ ერთი ნაბიჯი კიდევ გადადგეს. მაგრამ ამ შეხვედრაში მოხდა ეპიზოდი, რომელმაც სხვა დანარჩენი მთლიანად გადაფარა. პირველი ტაიმის ბოლოს, კარიდან გამოვარდნილი ბოლნისელთა მეკარე ოთო გოშაძე, მეტოქე ლუკა იმნაძეს შეასკდა და ეს უკანასკნელი უგონოდ დაეცა მინდორზე. ფეხბურთელი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას ტვინის შერყევა დაუდგინეს…
ჩიხურა 2:0 ბათუმი
1:0 ფანცულაია (68), 2:0 არდაზიშვილი (89)
სიონი 2:1 რუსთავი
1:0, 2:0 გვარაძე (24, 37), 2:1 ქავთარაძე (45+4 პენ)
92+2 წუთზე ცაცკრიალაშვილმა (სიონი) ვერ გამოიყენა პენალტი
ვიტ ჯოირჯია 0:2 ლოკომოტივი
0:1, 0:2 სიხარულიძე (57, 77)
დილა 2:0 საბურთალო
1:0 ჩადუნელი (86), 2:0 კოვტალიუკი (90+3)
დინამო 2:1 ტორპედო
1:0, 2:0 კუტალია (20, 34), 2:1 კიკნაძე (90+4)
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
8 ნოემბერი: ბათუმი – სიონი
9 ნოემბერი: საბურთალო – ვიტ ჯორჯია, რუსთავი – დინამო, ლოკომოტივი – ჩიხურა
10 ნოენბერი: ტორპედო – დილა
მეგოლეები: ლევან კუტალია (დინამო) – 19, ფლამარიონი (ბათუმი) – 16, ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვეშდი უნგრეთი) – 13, ლევან შენგელია (დინამო/ქონიასფორი თურქეთი) – 12