
ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ „ხიმნასია დე ლა პლატას” გადარჩენა გადაწყვიტა — მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა გუნდის გაძღოლა სეზონის ბოლომდე ითავა.
კვირას, წარდგენის ცერემონიალზე, 58 წლის დიადმა კლუბის გულშემატკივრებს მგზნებარე სიტყვით გული აუნთო და… ტრადიციულად ფიფას ყოფილ პრეზიდენტ ზეპ ბლატერსა და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ნაშეფარს, აწგარდაცვლილ ხულიო გრონდონას გადაწვდა.
„ხუან კარმელო სერილოს” სტადიონზე მარადონამ თქვა: „იმას, რაც აქ დამხვდა არ ველოდი და ვერც წარმოვიდგენდი. ჩვენ ფაქტობრივად ბავშვებით უნდა ვიბრძოლოთ. თუ ღვთის ნება იქნება, „ხიმნასია” გადარჩება.
მე პირდაპირ ვუთხარი არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას, რომ მას მერე, რაც ნაკრებიდან გამიშვეს, მათ საერთოდ წამშალეს. მანამდე, 1994 წელს, ბლატერის, გრონდონას და კონმებოლის მაშინდელი გენერალური მდივნის, ედუარდო დელუკას წყალობით გადამხაზეს.
და დღეს, ამ ყველაფრის მერე როგორ გადმოვცე სიტყვებით ის განცდა, რომელიც აქ დამეუფლა? რომ შემოვედი ტირილი დავიწყე, რადგან სიტყვები არ მყოფნიდა. კიდევ კარგი თან ჩემი ქალი მახლდა და მან დამაწყნარა.
რასაკვირველია, მე ყოველთვის მინდოდა არგენტინაში მუშაობა, მაგრამ გრონდონა და ბლატერი მიშლიდნენ ხელს. ისინი აფრთხილებდნენ კლუბების პრეზიდენტებს, რომ სამსახურში არ ავეყვანეთ”.
საინტერესოა, რომ სულ ახლახან, ივნისში, მარადონამ სუსტი ჯანმრთელობის მიზეზით მექსიკური „დორადოს დე სინალოას” მწვრთნელობას დაანება თავი. როგორც ჩანს, „ხიმნასია დე ლა პლატასთვის” მის ჯანმრთელობას არა უჭირს. არადა „ხიმნასია” გასაჭირშია, მას ხუთი ტურის შემდეგ ერთი ქულა აქვს.
მარადონას ხელმძღვანელობით „ხიმნასია” პირველ თამაშს „რასინგის” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც დიეგო 90-იან წლებში წვრთნიდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
მთავარი ამბავი27/06/2026 | 08:39კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
