„სანის” ცნობით, „ლესტერ სიტისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლები წუხელ ღამით მოლაპარაკების ოთახში ჩაიკეტნენ და ჰარი მაგუაირის ტრანსფერზე იმსჯელეს.
„ლესტერისა” და ინგლისის ნაკრების 26 წლის ცენტრალური მცველი გაბრაზებულია. მას „ოლდ ტრეფორდზე” უნდა გადასვლა, ვაჭრობა კი ჭიანურდება. მაგუაირმა ამ ზაფხულში უკვე მეორედ გააცდინა ვარჯიში. გარშემო ყველა დარწმუნებულია, რომ ეს მისი მხრიდან გაფიცვაა, თუმცა თავად ფეხბურთელმა გაცდენა კუჭის აშლას დააბრალა.
პრობლემა კი ის გახლავთ, რომ „ლესტერს” „მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ შეთავაზებული 70 მილიონი გირვანქა სიცილად არ ჰყოფნის. ყველაზე მეტი, რაც აქამდე მცველში გადახდილა, გახლავთ 75 მილიონი გირვანქა, რომელიც „ლივერპულმა” 2018 წელს ვირჯილ ვან დეიკის სანაცვლოდ „საუთჰემპტონს” ჩაუთვალა. არ არის გამორიცხული, რომ მაგუაირის ტრანსფერმა ეს რეკორდი დაამხოს. „ლესტერი” ჯიუტობს და დაუჩემებია, რომ 85 მილიონს პენის არ დააკლებს.
თავად მაგუაირს კი მიაჩნია, რომ „ლესტერ სიტის” ვიცე-თავმჯდომარე ხან სრივადჰანაპრაბჰა ღირსეულად არ იქცევა. საქმე ის არის, რომ ერთი წლის წინ ფეხბურთელმა „მელიებს” პატივი სცა და ახალი ხელშეკრულება დაუდო, თორემ „მანჩესტერ იუნაიტედს” მისი ყიდვა მაშინაც უნდოდა. მაგუაირის ჟესტის წყალობით, „ლესტერს” ფულის შოვნის საშუალება მიეცა. შესაბამისად, ახლა სრივადჰანაპრაბჰას ჯერია — თუ ის პატიოსანი კაცია, ინგლისის ნაკრების მოთამაშის საოცნებო გუნდში გადასვლა არ უნდა დააბრკოლოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
