ცნობილი ამერიკული პორტალი Gracenote ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მედლების ჩათვლის ვირტუალურ პროგნოზს აქვეყნებს. მისი გათვლები ემყარება რიოს 2016 წლის ოლიმპიადის შემდგომ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებზე სპორტსმენთა შედეგებს.
ვირტუალური პროგნოზის თანახმად, საქართველოს წარმომადგენლები XXXII ოლიმპიურ თამაშებზე 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალს მოიპოვებენ, საერთო ჩათვლაში კი 26-ე ადგილს დაიკავებენ. ამგვარად, რიოს ოლიმპიადის შედეგს – 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაკავებულ 38-ე საფეხურს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ.
ამერიკელების ვარაუდით, ბოლო ხუთი ოლიმპიური თამაშების მსგავსად, პირველ საფეხურს აშშ-ის ნაკრები დაიკავებს. ამასთან, ამერიკელებმა უნდა გააუმჯობესონ რიო 2016-ის შედეგები (46-37-38) და მოიპოვონ 51 ოქროს, 34 ვერცხლის და 41 ბრინჯაოს მედალი.
38 ოქროს, 24 ვერცხლის და 19 ბრინჯაოს მედლით მესამედან მეორე ადგილზე დაწინაურდება ჩინეთი. მესამეზე უნდა გავიდეს იაპონია – 29 ოქრო, 26 ვერცხლი და 12 ბრინჯაო.
Gracenote-ის გათვლებით, მეოთხე იქნება რუსეთი, მეხუთე – დიდი ბრიტანეთი, ათეულში კი ავსტრალია, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, იტალია მოხვდებიან…